ბათუმის საავტორო ფილმების მე-7 საერთაშორისო კინოფესტივალ „ბიაფს” 16–დან 23 სექტემბერამდე ბათუმის კინოთეატრი „აპოლო” და სასტუმრო „რედისონი” უმასპინძლებს.
კინო ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება დაახლოებით 40 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური, 40 კი მოკლემეტრაჟიანი ფილმი 20-22 ქვეყნიდან.
საფესტივალო პროგრამაში აქცენტი 2011-2012 წლებში გადაღებულ არაკომერციულ ფილმებზე კეთდება. ფილმების ჩვენება ყოველდღე 12:00 საათზე დაიწყება და მაყურებელი დღეში დაახლოებით ხუთ ფილმს იხილავს. განსაკუთრებული ფილმები კი 22:00 საათზე იქნება ნაჩვენები.
ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით ბათუმს სტუმრები ევროპიდან, აშშ-დან, პოსტ-საბჭოთა სივრციდან და აზიიდან ესტუმრებიან. ისეთი ცნობილი კინორეჟისორები და მსახიობები როგორებიც არიან ალი მოსაფა, ლეილა ხატამი, ფარდინ საჰებზამანი, ჰუსეინ კარაბეი, ალპერ ოზჩანი, სერგეი ბუკოვსკი და სხვები. კინოფესტივალის საპატიო სტუმრები კი ცნობილი რეჟისორი იერჟი ჰოფმანი, ასევე ცნობილი თურქი რეჟისორი ნური ბილჯე ჩეილანი და ქართველი რეჟისორი ელდარ შენგელაია იქნებიან.
„ბიაფის” კინოფესტივალის პროგრამა შედგება სექციებისგან: საერთაშორისო კონურსი - მხატვრული კინო, საერთაშორისო კონკურსი - დოკუმენტური კინო, საერთაშორისო კონკურსი - მოკლემეტრაჟიანი ფილმები და აბრეშუმის გზის ქვეყნების კინო - კავკასია, ცენტრალური აზია, თურქეთი, ირანი.
მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსის ხუთკაციანი ჟიურის თავჯდომარე ელდარ შენგელაია, დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ჟიურის თავჯდომარე რადოსლავ პივოვარსკი, მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჟიურის თავჯდომარე კი სიტორა ალიევაა.
კინოფესტივალის დირექციის მიერ დაწესებულია შემდეგი პრიზები: გრან პრი, საუკეთესო რეჟისურა, მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი, ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი, ჟურის სპეციალური პრიზი, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი და საუკეთესო დოკუმენტური ფილმი.
კინოფესტივალის ყოველწლიური პრიზი მსოფლიო კინემტოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის - Lifetime Achievement Award - კი ქართველ რეჟისორ ელდარ შენგელაიას და პოლონელ რეჟისორ იერჟი ჰოფმანს გადაეცემა.
კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება მასტერკლასები, ინდუსტრული შეხვედრები, დოკუმენტური კინოს ვორკშოპი და ბლოგერების კონკურსი.
მასტერკლასებს ელდარ შენგელაია, პოლონელი რეჟისორი იერჟი ჰოფმანი და თურქი რეჟისორი ნური ბილჯე ჩეილანი ჩაატარებენ. დასწრება ყველა მსურველისთვის თავისუფალი იქნება.
რაც შეეხება ინდუსტრიული შეხვედრებს, მის ფარგლებში, 2 დღის განმავლობაში თურქი და პოლონელი პროდიუსერები ქართველი კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდებიან. შეხვედრების მიზანი კი როგორც ფესტივალის დირექტორმა გიორგი გოგიბერიძემ განაცხადა, უცხოელ და ქართველ კინემატოგრაფისტებს შორის კონტაქტების დამყარება და კოპროდუქციის განვითარების ხელშეწყობაა.
ფესტივალის მსვლელობისას, 16–დან 23 სექტემბრამდე ასევე გაიმართება დოკუმენტური კინოს 6–დღიანი ვორკშოპი.
12 მონაწილე შერჩეულ თემაზე გადაიღებს სამ მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმს. ფილმის გადაღების პროცესში, ისინი მიიღებენ რეკომენდაციებს ცნობილი და გამოცდილი რეჟისორებისგან. გადაღებული ფილმის ნახვის საშუალება კი მაყურებელს მომავალ კინოფესტივალზე ექნება.
ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, მათ მიზანს არაკომერციული ფილმების პოპულარიზაცია და კოპროდუქციების შექმნა წარმოადგენს, რასაც ინდუსტრიული შეხვედრები და სხვადასხვა ცნობილი კინორეჟისორის სტუმრობა და ქართველ კინემატოგრაფისტებთან დაახლოება შეუწყობს ხელს.
ბათუმის საავტორო ფილმების მე-7 საერთაშორისო კინოფესტივალ „ბიაფზე” დასწრების მსურველებს ბილეთის შეძენა სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად შეძლებათ.