ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით ბიძინა ივანიშვილის მიერ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის გაგზავნილი 6 პუნქტიანი მიმართვა არა ულტიმატუმი, არამედ პრევენციის სახით მიწოდებული ის რეალობა და იმ ვითარების ხაზგასმაა, რა ვითარებაც ხელისუფლებამ დღეს ქვეყანაში შექმნა.
როგორც ხუხაშვილი From.ge-ს სთან საუბარში აცხადებს, ეს მიმართვა ულტიმატუმად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მონათლა, თუმცა მისი თქმით, ისინი ფაქტიურად ორ მოთხოვნას უკავშირდებოდა.
„ერთი არის ის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა საქმის კურსში ჩააყენოს თუ რა ტიპის განუკითხაობას მიყო ხელი ხელისუფლებამ, რათა „ქართული ოცნებისთვის“ კონკურენტუნარიანობა წაერთმია. მეორე კი პრევენციაა იმისა, რომ ხელისუფლებამ ასეთი განუკითაოხაბა ისევ არ გააგრძელოს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
მისი თქმით, არავის არ აქვს იმის ილუზია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ პირობებს შეასრულებს, მაგრამ აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ბრძოლას მაინც გააგრძელებს და შედეგსაც მიიღებს.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული არასამართლიანი გარემოს მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი ხმები და ქართული საზოგადოების არჩევანი უნდა დაიცვას.
რაც შეეხება აღნიშნულ მოთხოვნებზე თანამეგობრობის გამოხმაურებას და რეაგირებას, ხუხაშვილი აცხადებს, საერთაშორისო საზოგადოება აბსოლუტურად ადექვატურად მიიღებს ამ ყველაფერს.
„იმიტომ რომ იმ 6 პუნქტის უკან დიდი ფაქტობრივი მასალაა დაგროვილი. მათ შორის ეკონომიკური, ასევე ადამიანის უფლებების, რეპრესიების და სხვა სახით არსებული პრობლემები. მე რამდენადაც საქმის კურსში ვარ „ქართული ოცნება“ ამის ამსახველ დოკუმენტურ მასალასაც მიაწვდის საერთაშორისო თანამეგობრობას, ამის შემდეგ კი, მინიმუმ ის მაინც უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები აღარ იყვნენ ისე გულგრილები და ფორმალურები, როგორებიც აქამდე იყვნენ“, - აცხადებს ის.
ექსპერტის აზრით, საერთაშორისო თანამეგობრობა იძულებული უნდა გავხადოთ, რომ ამ ყველაფერზე სრული მონიტორინგი დააწესოს და თუნდაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩვენთან ერთად უზრუნველყონ ნორმალური და მეტნაკლებად კონკურენტული საარჩევნო სივრცე.