თბილისის მერიამ პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ 29 სექტემბერს თავისუფლების მოედანზე აქციის გამართვაზე თანხმობა მისცა, ბერა ივანიშვილს კი, 23 სექტემბერს კონცერტის ჩატარებაზე უარი განუცხადა და სხვა ალტერნატიული ადგილის შესახებ მიუთითა. აღნიშნულის შესახებ, განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.
განცხადებას from.ge უცვლელად გთავაზობთ.
„2012 წლის 29 სექტემბერს თავისუფლების მოედანზე მანიფესტაციის გამართვის მოთხოვნით, ქ. თბილისის მერიას მიმდინარე წლის 21 აგვისტოს მომართა საარჩევნო ბლოკმა „ბიძინა ივანიშვილი-ქართულმა ოცნებამ“. 2012 წლის 23 სექტემბერს, იმავე ადგილას ბერა ივანიშვილის სოლო კონცერტის გამართვის მოთხოვნით, 2012 წლის 30 აგვისტოს ქ. თბილისის მერიას მომართა შპს „ქართულმა ოცნებამ“.
2012 წლის 29 სექტემბერს თავისუფლების მოედანზე პოლიტიკური აქციის - მანიფესტაციის ჩატარებისთვის საარჩევნო ბლოკს „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნებას“ ქ. თბილისის მერიის მიერ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის“ შესაბამისად, მიეცა თანხმობა. რაც შეეხება, შპს „ქართულ ოცნებას“, რომლის მოთხოვნაა 2012 წლის 23 სექტემბერს თავისუფლების მოედანზე ბერა ივანიშვილის სოლო კონცერტის გამართვა, ქ. თბილისის მერიის მხრიდან წერილობით განემარტა, რომ აღნიშნული ღონისძიების ჩატარება თავისუფლების მოედანზე მიზანშეუწონელია, რადგან მოცემული ღონისძიება გამოიწვევს ტრანსპორტის მოძრაობის მნიშვნელოვან შეფერხებას და ხელს შეუშლის მოქალაქეთა თავისუფალ გადაადგილებას.
ამასთან, შპს „ქართულ ოცნებას“ შეუძლია კონცერტის ჩასატარებლად გამოიყენოს ნებისმიერი ისეთი ადგილი, სადაც კონცერტის გამართვით არ შეიზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა (მაგ. ვაკის პარკი, იპოდრომის ტერიტორია)“, - ნათქვამია განცხადებაში.