პოლიტიკური გაერთიანება „ქართული დასი“ ადასტურებს ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც „ქართულ ოცნებას“ ჯონდი ბაღათურიასთან პარტიულ სიასთან დაკავშირებით მოალაპარაკებები ჰქონდა, თუმცა როგორც ბაღათურია აღნიშნავს, ეს მოლაპარაკებები მას არ შეუწყეტია.
ბაღათურიას განცხადებით, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს აღნიშნულთან დაკავშირებით, არასწორი ინფორმაცია აქვს მიწოდებული, ან „ქართულ დასს“ მიუვიდა არასწორი შეტყობინება.
„ვხედავ, უკვე მეორედ ვამჩნევ, რომ ყველა ჩვენი მოლაპარაკებების შესახებ დეტალები ადრესატამდე სწორად არ აღწევს. ან მე მომიტანეს არასწორი ინფორმაცია, ან მას. ის, რომ თქვა, რომ მოლაპარაკებები შეწყდა, მე მაგალითად, არ ვიცოდი. დღემდე მგონია, რომ ჩვენ მოლაპარაკებების რეჟიმში ვართ. უბრალოდ, მან ვერ მოახერხა შეხვედრა. მან თქვა, რომ მე შევწყვიტე მოლაპარაკება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენი შეხვედრა 2 აგვისტოს უნდა შემდგარიყო, მანამდე კი, კომენტარების გაკეთებას არ ვაპირებდით, თუმცა ეს შეხვედრა არ შემდგარა. დღეს უკვე 1 სექტემბერია და დღემდე არავის დაურეკავს“, - განაცხადა ბაღათურიამ.
ბაღათურიას თქმით, ის ახლაც მზადაა კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ გააერთიანოს რესურსები.
„მზად ვარ, ნებისმიერი ტიპის კომპრომისზე. დაასახელონ დრო და ადგილი სად შევხვდეთ. გნებავთ, მე მივალ მათთან ოფისში. გნებავთ, მათ ვუმასპინძლებთ. ეს შეხვედრა და მოლაპარაკება აუცილებლად უნდა შედგეს. აუცილებელია გავაერთიანოთ ჩვენი რესურსები და ძალისხმევა კორუმპირებული კრიმინალური რეჟიმის დასამარცხებლად. არა მხოლოდ მე, არამედ ჩემი მოკავშრებიიც მზად არიან. მქონდა საუბარი მათთან და ერთიანები ვართ. მზად ვართ ერთად ვიმოქმედოთ“, - განაცხადა ბაღათურიამ.
მისივე თქმით, მათ ცალმხრივად უკვე გადადგეს ნაბიჯი და რეგიონებში კოალიციის ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეებს კონკურენტი არ დაუყენეს.
„იცით, რომ ერთ-ერთი ძლიერი რესურსი „ქართულ დასს“ აქვს სამეგრელოში, მითუმეტეს, ახლა როცა გულუასთან ალიანსი გვაქვს. ჩვენ ალასანიას კონკურენტი არ დავუყენეთ და დავეხმარებით მას გამარჯვებაში. გარდა ამისა ბათუმში. ქართული დასის აქტივი მთლიანად აჭარაში მათ დახმარებაში ჩაერთვება. ანალოგიური გავაკეთეთ სამტრედიაში, სადაც კალაძეს კონკურენტი არ დავუყენეთ. ჩვენ რეგიონებში მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ მაჟორიტარში შემოხაზონ 41 და პროპორციულში 23 ნომერი. ეს ნაბიჯები უკვე გადავდგით. მზად ვართ უფრო შორს წავიდეთ“, - განაცხადა ბაღათურიამ.
შეგახსენებთ, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ კოალიცია საარჩევნო სიაში რიგითობას სთავაზობდა „ქართული დასის“ ლიდერს ჯონდი ბაღათურიასაც, მაგრამ ბოლო წუთებში მან კოალიციასთან თანამშრომლობაზე უარი თქვა.