ჯანმრთელობის დაცვის ახალი სადაზღვევო პოლისი დღეიდან ამოქმედდება. ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სპეციალური თათბირი გამართა. თათბირს სადაზღვევო კომპანიების, წამყვანი კლინიკებისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხელმისაწვდომი ჯანდაცვის უზრუნველყოფის ახალი სამთავრობო პროგრამის ამოქმედების შედეგად, 1-ელი სექტემბრიდან მკვეთრად გაიზრდება სამედიცინო ცენტრებში მიმართვიანობა და კლინიკებს მიაკითხავს ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც შესაძლებლობის არქონის გამო, ექიმთან 10-15 წელია არ ყოფილა. მერაბიშვილის თქმით, კლინიკები და სადაზღვევო კომპანიები აღნიშნულ გამოწვევას მომზადებულები უნდა შეხვდნენ.
ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პრემიერ-მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებითაც მისი უწყება ეხმარება კლინიკებსა და სადაზღვევო კომპანიებს გაზრდილ მიმართვიანობასთან გამკლავებაში.
„ჯანდაცვის სამინისტრომ ტრენინგი ჩაუტარა 300 ადამიანს, რომლებიც განთავსდებიან ყველა კლინიკაში და ხელს შეუწყობენ არა მარტო რიგების მართვას, არამედ განუმარტავენ ახლად დაზღვეულებს პოლისის გამოყენების წესს“, - განაცხადა მან.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან სადაზღვევო მომსახურებით 600 ათასამდე პენსიონერი ისარგებლებს. პოლისი ამბულატორიული მომსახურებისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარჯებს სრულად დაფარავს. გათვალისწინებულია ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობისთვის საჭირო თანხები.
პოლისების დარიგება ჯანდაცვის სამინისტრომ 16 ივლისიდან დაიწყო, რომელიც 100 ათასამდე სტუდენტს და 5 წლის ჩათვლით, ყველა ბავშვს გადაეცა.
ჯანმრთელობის დაცვის პოლისი ყველა პენსიონერმა პენსიასთან ერთად აიღო. ვისთანაც პენსია „ლიბერთი ბანკის“ მეშვეობით მიჰქონდათ, პოლისი ასევე ბინაზე მიუტანეს. ასეთივე, მომსახურებით ისარგებლეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმაც.