თეთრიწყაროს რაიონის „ქართული ოცნების“ ოფისზე თავდასხმა მოხდა. ამის შესახებ კოალიციის თეთრიწყაროს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის და თეთრიწყაროს შტაბის ხელმძღვანელის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, ოფისში თავდასხმა მუშაობის პროცესში მოხდა. მათი თქმით, ოფისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დავით ხაჩატურიანი შეიჭრა.
მათივე ინფორმაციით ხაჩატურიანმა დააზიანა ოფისის ქონება და შტაბის წევრების ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
„ხაჩატურიანი იმყოფებოდა ალკოჰოლური და სავარაუდოდ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ, იგი იმუქრებოდა შტაბის წევრების სიცოცხლის მოსპობით და ქონების გადაწვით. აღნიშნულ ფაქტზე გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია, რომელიც ნახევარი საათის დაგვიანებით გამოცხადდა. აღნიშნული ქმედებით ნაციონალური მოძრაობის წევრის ხაჩატურიანის მიერ ხელი შეეშალა „ქართული ოცნების“ შტაბის მუშაობას რითაც დარღვეული იქნა როგორც სისხლის სამართლის ასევე საარჩევნო კანონმდებლობა“, - ნათქვამია განცხადებაში.