ნუკრი ქანთარიამ უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ოჯახი მოინახულა

ნუკრი ქანთარიამ უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ოჯახი მოინახულა

კოალიცია „ქართული ოცნების“ ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე (ნუკრი) ქანთარია აგრძელებს შეხვედრებს მოსახლეობასთან.

ამომრჩეველთან შეხვედრების ფარგლებში 30 აგვისტოს ალექსანდრე (ნუკრი) ქანთარიამ უკიდურესად მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ოჯახი მოინახულა. ქალბატონმა ლუიზა სოხაძემ წერილით მიმართა დეპუტატობის კანდიდატს, რათა საკუთარი თვალით ენახა რამდენად გაუსაძლის, არაადამიანურ პირობებში ცხოვრობს ქალიშვილთან ერთად.

ხახანაშვილის 14-ში მაცხოვრებელმა სოხაძეების ოჯახმა მიუხედავად იმისა, რომ მათ არ გააჩნიათ არავითარი საცხოვრებელი პირობები, ფაქტობრივად მიწურში, ხრეშზე ცხოვრობენ, პოლიტიკური მოსაზრებების გამო ვერ მიიღეს სოციალურად დაუცველის სტატუსი.

„ბევრჯერ მივმართე მერიას, გამგეობას, მაგრამ სახლში „ბეკოს“ მაცივარი „აღმომიჩინეს“, რომელიც ძმამ მაჩუქა და 78 ქულა მომანიჭეს. არც მე, არც ჩემი ქალიშვილი არ ვმუშაობთ. სულ ორი კვირა არ არის, რაც ამ სიღარიბემ ჩემი მეუღლე შეიწირა. მეზობლები და კეთილი ადამიანები რომ არა, მიცვალებულს ვერ დავმარხავდით. ხელისუფლება ჩემნაირი ადამიანებისთვის არაფერს აკეთებს, იმას ეხმარებიან, ვინც მათი მომხრეა. ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული, რომ ჩვენი ხელისუფლება ადამიანებად არ გვთვლის, ეს ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს გიორგი ვაშაძესაც ვუთხარი და ვთხოვე თავად შეეხედა, სად და როგორ ვცხოვრობ, მაგრამ ჩემთვის და ჩემი ქალიშვილის გასაჭირისთვის ვერ „მოიცალა“, - აცხადებს ლუიზა სოხაძე.

ნუკრი ქანთარიამ აღნიშნა, რომ სამწუხაროდ ეს არ არის ერთეული შემთხვევა და საქართველოში მოსახლეობის 80%-ზე მეტი უკიდურეს გასაჭირში ცხოვრობს, უფრო სწორად სულდგმულობს, ისნის რაიონი ნამდვილად არ არის გამონაკლისი. თუმცა დარწმუნებულია, რომ 1 ოქტომბრის შემდეგ, ყველაფერი კარდინალურად შეიცვლება.