ივანიშვილმა საგარეჯოს რაიონის, სოფელ კაკაბეთის  მოსახლეობას „ქართული ოცნების“ პროგარამა გააცნო

ივანიშვილმა საგარეჯოს რაიონის, სოფელ კაკაბეთის მოსახლეობას „ქართული ოცნების“ პროგარამა გააცნო

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთის მოსახლეობას შეხვდა და მათ კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.

შეხვედრა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა.  საუბარი ძირითადად  ადგილობრივ პრობლემებს შეეხებოდა,  რაც  არის ძირითადად სახნავ-სათესი მიწების დარეგისტრირების პრობლემა, სარწყავი და სასმელი წყლით მომარაგება, საგზაო ინფრასტრუქტურის არქონა და ბუნებრივი გაზის არქონა.

პრობლემების განხილვის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ყურადღება  სოფლის მეურნეობის პროგრამებზე  გაამახვილა, რომლებსაც ამომრჩეველს „ქართული ოცნება“  სთავაზობს და აღნიშნა, რომ ადგილობრივი პრობლემების მოგვარებასთან ერთად „ქართული ოცნების“ გამარჯვებისთანავე გადაწყდება ყველა ის პრობლემა, რომელიც უკავშირდება სოფლის მეურნეობას და ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებს ძალიან მოკლე ხანში დიდ სარგებელს და გაიმართება წელში.

აღსანიშნავია, რომ კაკაბეთის მოსახლეობასთან შეხვედრა ივანიშვილმა დაიწყო ლოპოტას ხეობაში ჩატარებული ოპერაციის გახსენებით და აღნიშნა, რომ არსებობდა ათასი გზა იმისთვის, რომ სისხლისღვრა თავიდან აერიდებინა საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა, სამწუხაროდ, ოპერაციას მოჰყვა მსხვერპლი და გარდაიცვალნენ ახალგაზრდა ბიჭები.

ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ძალიან ბევრ ეჭვს იწვევს. ის პირადად არ ენდობა ხელისუფლებას და ფიქრობს, რომ შესაძლოა ეს ოპერაცია იყოს დადგმული.

შეხვედრის დასასრულს ბიძინა ივანიშვილმა ადგილობრივების შეკითხვებს უპასუხა და ყველა მათგანს მოუწოდა, მივიდნენ არჩევნებზე. ასევე, ის დაჰპირდა მოსახლეობას, რომ ყველა მათგანის ხმა იქნება დაცული და „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს, რომ არჩევნები არ გაყალბდეს, რისთვისაც კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები იქნება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი სოფელ კაკაბეთის მოსახლეობასთან ერთად სოფელში ახლად გახსნილ წმინდა გიორგი სახელობის ტაძარს ეწვია.