ექსპერტების შეფასებით, „ქართული ოცნების“ პარტიული სია საკმაოდ სერიოზული და მისასალმებელია.
როგორც ექსპერტმა გია ხუხაშვილმა From.ge-სთან საუბარში განაცხადა, ბიძინა ივანიშვილის მიერ საარჩევნოდ წარმოდგენილი სია უპრეცედენტოა წარმომადგენლების ცნობადობის თვალსაზრისით. მისი თქმით, ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა სიის 30-40 კაცს, საზოგადოება არა თუ იცნობს, არამედ ძალიან კარგად იცნობს.
„მე ვიტყოდი, რომ ეს სია ნამდვილად კარგი სიაა. მის ყველა წევრს თავისი ღირსეული ბიოგრაფია და ღვაწლი აქვს ამ ქვეყანაში. ვიღაცას შეიძლება ეს მოსწონდეს ან არ მოსწონდეს, მაგრამ ისინი არსაიდან მოსული ადამიანები არ არიან. ეს არის მისასალმებელი. არცერთ სხვა კოალიციას და არც პარტიას ასეთი ცნობადობის სია არ ექნება“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
მისი განმარტებით, დღევანდელი პოლიტიკა ორპოლუსიანია და აღნიშნა, რომ საარჩევნოდ რეალურად პოლიტიკური ბრძოლა სწორედ ორ ძალას - „ნაციონალურ მოძრაობასა და „ქართულ ოცნებას“ შორის გაიმართება.
„მე მეტსაც ვიტყოდი - ეს ბრძოლა ორ პიროვნება: ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილს შორის გაიმართება. „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში ყველა არის მიხეილ სააკაშვილი. „ქართული ოცნების“ სიაში კი - ბიძინა ივანიშვილი. ჩვენ დღეს ასეთი პოლიტიკური ციკლი გვაქვს. რაც შეიძლება ქვეყნისა და მისი დემოკრატიული განვითარებისთვის კარგი არ იყოს, მაგრამ ეს არის ის რეალობა, რომელიც შექმნა ხელისუფლებამ“, - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ამის მიზეზი ის არის, რომ ხელისუფლება არის ავტორიტარული, რომელიც მულტიპარტიული სისტემისთვის ველს არ ტოვებს.
მისი ვარაუდით, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ თავის პარტიულ სიას გამოაქვეყნებს ყველანი დავინახავთ, რომ პირველი 10 კაცის ცნობადობაც კი ძალიან დაბალი იქნება და აღნიშნა, რომ ის „ძალიან უსახური“ სია იქნება.
რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ მათი განხილვაც კი არ ღირს, რადგან ეს არასერიოზული იქნება.
„სხვა პარტიების სიების განხილვასაც კი არ აქვს აზრი. მათ ბარიერის გადალახვის თუნდაც თეორიული შანსიც არ აქვთ, თუ რაღაც დიდი მაიმუნობა არ მოხდა. იმიტომ რომ მათ პულსი არ ესინჯებათ. ერთადერთი „ქდმ“ ფაფხურობს რაღაცას, მაგრამ მათაც პარლამენტში სიით შესვლის რეალურად ძალიან ნაკლები შანსი აქვს“, - განაცხადა ექსპერტმა.
ხუხაშვილის აზრით, ასეთი სიით კოალიცია „ქართული ოცნება“ არათუ უბრალოდ კონკურენციის გაწევას, არამედ თავისუფლად გამარჯვებას მოახერხებს.
ცნობისთვის, დღეს კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ 1 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნებისთვის კოალიციის პარტიული სია წარმოადგინა. სიის პირველი ნომერი კახა კალაძეა.
რაც შეეხება სიის მომდევნო ნომრებს, ესენი არიან - მანანა კობახიძე, ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, გუბაზ სანკიძე, გოგი თოფაძე, ზვიად ძიძიგური, დავით საგანელიძე, ირაკლი ღარიბაშვილი და ვანო კიღურაძე. სიაში მეთერთმეტე კობა დავითაშვილია, მეთორმეტე - "სოციალ-დემოკრატი" გია ჟორჟოლიანი, მეცამეტე - "მწვანეთა პარტიის" ლიდერი გია გაჩეჩილაძე. ასევე, პირველ ოცეულში არის "ქართული ოცნების" პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე, რომელიც სიაში მეთოთხმეტეა.