ივანიშვილი: კახი კალაძე მზად არის “ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველ ნომერთან დებატებში დაჯდეს

ივანიშვილი: კახი კალაძე მზად არის “ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველ ნომერთან დებატებში დაჯდეს

საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი- „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი კახი კალაძე მზად არის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველ ნომერთან დებატებში დაჯდეს.

 ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.მისი თქმით, კალაძე მზადაა დებატებში მონაწილეობა მიიღოს, თუმცა, არა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ შეთავაზებული ფორმატით.

„კახა კალაძე დებატებში მონაწილეობას მიიღებს ოღონდ გარკვეული წესების დაცვით. გუშინ პირველი არხი მწერდა რაღაც აბდაუბდას, რომ დებატები წარიმართება საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. შეეშვან თვალთმაქცობას და დებატები ნორმალური ფორმატით ჩაატარონ. თუ იქნება ტელედებატების ნორმალური ფორმატი, „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი მზად არის, მმართველ პარტიას დაუპირისპირდეს. მაგრამ კალაძე ფსევვდოოპოზიციური პარტიის ლიდერებთან დებატებში არ შევა” – განაცხადა ივანიშვილმა. 

მან კალაძის სიის პირველ ნომრად წარდგენის მიზეზად ის ფაქტი დაასახელა, რომ კალაძე პოლიტიკაში ახალი სახეა და ხალხი, მისი თქმით, ახალ სახეებს ითხოვს.

„კალაძე ძალიან თავდადებულია. ის ბევრს იმსახურებს თავისი წარსულით. ამასთან, იგი ახალი სახეა ისევე, როგორც სიის მეორე ნომერი მანანა კობახიძე და საერთოდ ხალხი ახალ სახეებს ითხოვს“ -აღნიშნა ივანიშვილმა.

 კოალიცია "ქართული ოცნების" პარტიული სია ივანიშვილმა დღეს გაახმოვანა.

 სიის პირველი ნომერი კახი კალაძე იქნება.  სიის მეორე ნომერი „ქართული-ოცნება დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე მანანა კობახიძეა. შემდეგ მოდის ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, გოგი თოფაძე, გუბაზ სანიკიძე, ზვიად ძიძიგური, ვანო კიღურაძე, დავით საგანელიძე, ირაკლი ღარიბაშვილი.

 საზოგადოებრივ მაუწყებელზე ტელედებატები 9 სექტემბერს იწყება. ამ დღეს, მაუწყებელი დებატებზე საარჩევნო კამონის შესაბამისად, ნაცმოძრაობის, ქდმ-ს, ქართული ოცნების და ლეიბორისტების პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს იწყევს, 18 სექტემბერს კი დებატები ამ პოლიტიკური სუბიექტების საარჩევნო სიის პირველ ნომრებთან გაიმართება.