კალანდაძე: „თუ ახლავე არ ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, ჯუმათში ოჯახები თხილის და სიმინდის ნაკვეთების გარეშე დარჩებიან“

კალანდაძე: „თუ ახლავე არ ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, ჯუმათში ოჯახები თხილის და სიმინდის ნაკვეთების გარეშე დარჩებიან“

ამის შესახებ, „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა და ოზურგეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კალანდაძემ ოზურგეთის რაიონის სოფელ ჯუმათში წყალდიდობების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„სოფელ ჯუმათში ამ ადამიანებს თხილის და სიმინდის გარდა არაფერი გააჩნიათ და ის მძიმე შრომა და სიმწრით ნაშოვნი სასუქის და მიწის დამუშავებისთვის საჭირო საწვავის ფულიც, ყოველწლიურად წყალს მიაქვს. მხოლოდ 2012 წელს მდინარემ 20 ათასი კვადრატული მეტრი თხილის ბაღები და სიმინდის ნათესები წაიღო. მხოლოდ ბოლო ორ თვეში კი, მდინარის მოვარდნილმა წყალმა ნაპირის კილომეტრიანი მონაკვეთის 50-60 მეტრის სიგანის მიწის მასივი ჩარეცხა. წყალს მიაქვს თხილის ნარგავები და სიმინდის ყანები. არადა თხილის ბაღის აღდგენას და ხელახლა გაშენებას 8-10 წელი სჭირდება“ - განაცხადა ლევან კალანდაძემ.

მისი თქმით, სოფელ ჯუმათის მოსახლეობამ არაერთხელ მიმართა გურიის გუბერნატორს კოლექტიური წერილით და თხოვნით, რათა ხელისუფლებას დროულად ჩაეტარებინა ნაპირსამაგრი სამუშაოები. მიუხედავად ამისა, არც გუბერნატორის ადმინისტრაციას და არც ადგილობრივ ხელისუფლებას შესაბამისი ზომები არ მიუღიათ. ადგილობრივი გლეხები აცხადებენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები არც კი დაინტერესებულან და ადგილზე არც კი შეუსწავლიათ დაზარალებული მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობები.
„ახალი მემარჯვენეების“ ოზურგეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კალანდაძე მიმართავს გურიის გუბერნატორს და ოზურგეთის ადგილობრივ ხელისუფლებას, მიიღონ ზომები ნაპირსამაგრი სამუშაოების დროულად დაგეგმვისა და  განხორციელებისათვის. „თუ ახლავე არ ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, ეს ოჯახები ამ ზამთარს ვერ გადიტანენ, წყალი უკვე სრულად წაიღებს ამ ნათესებს და მომავალი გაზაფხულისთვის ისინი თხილის ბაღებისა და სიმინდის ნაკვეთების გარეშე დარჩებიან“ - განაცხადა ლევან კალანდაძემ.