ჩიორა თაქთაქიშვილი: „ქართული ოცნება“ არჩევნების შემდგომი არეულობის გამოწვევისთვის ემზადება

ჩიორა თაქთაქიშვილი: „ქართული ოცნება“ არჩევნების შემდგომი არეულობის გამოწვევისთვის ემზადება

 „ქართული ოცნება“ არჩევნების შემდგომი არეულობის გამოწვევისთვის ემზადება“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" სპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ გუშინ წამოყენებულ ექვს მოთხოვნას უპასუხა.

მისი თქმით, ივანიშვილის მოთხოვნები უსაფუძვლოა, რაც მმართველ გუნდს იმ ეჭვის საფუძველს უჩენს, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი არა თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში მონაწილეობა, არამდე არჩევნების შემდგომი არეულობის გამოწვევაა. 

„საქართველოს პრეზიდენტმა და "ნაციონალურმა მოძრაობამ" გამოვხატეთ მზადყოფნა, რომ არჩევნები იყოს საქართველოს ისტორიაში ყველაზე თავისუფალი და სამართლიანი. ამიტომ მხარი დავუჭირეთ ახალ საარჩევნო კოდექსს. შეიქმნა მრავალპარტიული კომისია სიების გადამოწმების მიზნით, ამოქმედდა Must Carry-ის პრინციპი, შევუერთდით ქცევის კოდექსს, რომელიც შემუშავებული იყო სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციების საფუძველზე, "ქართული ოცნება" კი დოკუმენტში არსებული პრინციპების გაზიარებაზე უარს აცხადებს. კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების შედეგებს მხოლოდ იმ შემთხვევაში აღიარებს, თუ შესრულდება მის მიერ წაყენებული მოთხოვნები, რომელთაგან უმეტესობის შესრულება სახელმწიფო უწყებებისგან კამპანიის დაფინანსების გამჭვირვალობისა და ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კანონების მოქმედების შეჩერებას გულისხმობს. ბიძინა ივანიშვილის მიერ უსაფუძვლო მოთხოვნების დაყენება გვაფიქრებინებს, რომ "ქართული ოცნების" მიზანია არა თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში მონაწილეობა, არამედ არჩევნების შემდგომი არეულობის გამოწვევა", - განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

დღესვე, თაქთაქიშვილმა „ქართულ ოცნებას“ მიმართა, თავი შეიკავოს სიძულვილის ენის გამოყენებისგან და აღიაროს არჩევნების შედეგები, რომელიც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და მიუკერძოებელი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ იქნება აღიარებული. 

ბიძინა ივანიშვილმა 30 სექტემბერს საერთაშორისო საზოგადოებას საგანგებო წერილით მიმართა. წერილში ივანიშვილი აცხადებს, რომ მზადაა არჩევნების შედეგების აღიარების ვალდებულებას ხელი დღესვე მოაწეროს იმ პირობით, თუ ხელისუფლება მის ექვს მოთხოვნას დააკმაყოფილებს. კოალიციის ლიდერი მიიჩნევს, რომ სხვა შემთხვევაში, საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება შეუძლებელია.