„მომავალ პარლამენტში შევალ გლდანელების სახელით ან საერთოდ არ შევალ“, - ამის შესახებ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა ინგა გრიგოლიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა,სადაც ქდმ-მ პარტიული სია წარმოადგინა.
ინგა გრიგოლიას თქმით, პარტიულ საარჩევნო სიაში მეორე ნომერი უნდა ყოფილიყო, თუმცა ამაზე უარი თავად თქვა.მისი თქმით, მან გადაწყვეტილება მიიღო რომ კენჭი როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა იყაროს.
„მინდა გლდანელებმა იცოდნენ, რომ ხელში მქონდა პრაქტიკულად გარანტირებული სადეპუტატო მანტატი, გამომდინარე „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" რეიტინგიდან, მაგრამ იმისთვის, რომ ყველამ დაიჯეროს, თუ რამდენად გულწრფელად ვიბრძვი გლდანში ხელისუფლების წარმომადგენლის დასამარცხებლად, ეს გადაწყვეტილება მივიღე", - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.
ამასთან, გრიგოლიამ იმედი გამოთქვა, რომ გლდანის მოსახლეობა არჩევნებში მხარს სწორედ მას დაუჭერს და ქდმ ყველაზე რთულ და დიდ საარჩევნო ოლქში გამარჯვებას მოიპოვებს.
1-ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ პარტიული სიის პირველი ნომერი გიორგი თარგამაძეა. პარტიული სიის პირველი ათეული კი, შემდეგნაირია: გიორგი თარგამაძე, ლევან ვეფხვაძე, გიორგი ახვლედიანი, მაგდა ანიკაშვილი, პაატა დავითაია, თამაზ გაიაშვილი, გიორგი რუხაძე, ზაზა ვეკუა, კახაბერ კორძაია, ნინო გურიელი და ზურა ხაჩიძე.
სიაში ასევე არაა ნიკა ლალიაშვილი. თარგამაძე განმარტავს, რომ ის პოლიტიკურ ლიდერად ქდმ-ში კვლავ რჩება თავის თავზე აიღებს პარტიის ლიდერების გადაადგილების და მოსახლეობასთან შეხვედრების, ასევე წინასაარჩევნოდ პარტიული საქმიანობის კოორდინირებას.