ნიკო ნიკოლაძის კოშკის ნგრევას ქდმ-ც აპროტესტებს

ნიკო ნიკოლაძის კოშკის ნგრევას ქდმ-ც აპროტესტებს

ფოთში, ნიკო ნიკოლაძის კოშკის სახელით ცნობილი ისტორიული ძეგლის ერთი ნაწილის შესაძლო დემონტაჟს, „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენლები ეხმაურებიან. ფოთის  საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ აღნიშნულთან დაკავშირებით, პარტიის ოფისში საგანგებო ბრიფინგი გამართა და ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაუშვან ისტორიული ძეგლის ხელყოფა.

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ მაშინ, როცა საქმე ეხება ისტორიულ ძეგლებს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანი შენობა და მათ შორის ის ნაწილი, რომელზეც არის საუბარი, ისტორიული ძეგლის სტატუსის მატარებელია, შესაბამისად, ეს მომენტი უნდა იქნას გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების დროს“, - განაცხადა ბერაიამ და დასძინა, რომ „ქრისტიან დემოკრატები“ უერთდებიან ფოთის საზოგადოების მოთხოვნას, ხელისუფლების მხრიდან კოშკის ერთი ნაწილის დანგრევის უარყოფასთან დაკავშირებით.

კოშკის ერთი ფლიგელის შესაძლო დემონტაჟზე განცხადება ადგილობრივ ხელისუფლებაში რამდენიმე დღის წინ გაკეთდა, რასაც საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ისტორიული ძეგლის ერთი ნაწილი შეიძლება, ფოთის რეაბილიტაციის პროექტს შეეწიროს .

ისტორიული ძეგლის მარჯვენა ფლიგელის დემონტაჟი, ფოთის მთავარი არქიტექტორის, ნუკრი ტუღუშის განმარტებით, იმაზეა დამოკიდებული, აღმოჩნდება თუ არა საკმარისი სივრცე მიმდებარე ტერიტორიიის კეთილმოსაწყობად.

თუმცა, კულტურის მუზეუმის დირექტორის, ელენე გაბლიანის ინფორმაციით, კოშკი გასული საუკუნის 70-იან წლებში კი არ აშენდა, არამედ ამ პერიოდში კიდევ ერთი რესტავრაცია ჩაუტარდა.

ამასთან, ისტორიული წყაროების მიხედვით, ნაგებობა, რომელმაც ნიკო ნიკოლაძის ფოთში მოღვაწეობის პერიოდში (1894-1912წლებში), კოშკის სახე მიიღო, XVI ს-ის 70-იან წლებში თურქებს ციხის სახით აუშენებიათ. ამის შესახებ 1654 წელს გამოცემულ წიგნში - „სამეგრელოს აღწერა“ იტალიელი მისიონერი არქანჯელო ლამბერტი წერს, მისგან განსხვავებით, ფრანგი მოგზაური შარდენი კი უფრო ადრე პერიოდს - 1578 წელს ასახელებს.