მეუფე იობი: არ შეიძლება ერს დააკარგვინო მეგობრობა, ტრადიციები, ქველმოქმედება

მეუფე იობი: არ შეიძლება ერს დააკარგვინო მეგობრობა, ტრადიციები, ქველმოქმედება

ღვთისმშობლის მიძინების დღესთან დაკავშირებით, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე იობმა საზეიმო წირვა-ლოცვა  ულუმბოს ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში აღავლინა. მეუფე იობმა მრევლს მიმართა და აღნიშნა, რომ ამ არჩევნებს საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია.

„თქვენ იცით, რომ ამ არჩევნებს საქართველოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, გადამწყვეტი, შეიძლება ითქვას, რადგან ბოროტი ძალები იღწვიან და ამისთვის ყველა მეთოდს იყენებენ.  ჩვენ უნდა გავაკეთოთ განცხადება, მათ  აკრძალეს ქველმოქმედება, მოწყალებაც  კი გაჭირვებულ ადამიანებზე. ეს არ არის პოლიტიკაში ჩარევა, ეს არის მოწოდება ადამიანებზე, რომ არ შეიძლება მოწყალების აკრძალვა. იმედი მაქვს, ეს მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში იქნება, თორემ თუ ეს გაგრძელდა, ეს უკვე ანტიქრისტეს მოწოდებაა. არ შეიძლება ერს ყველაფერი დააკარგვინო, მეგობრობა, ტრადიციები, ქველმოქმედება”,-განაცხადა მეუფე იობმა.

მეუფემ აღნიშნა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით,  აუცილებლად დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს და საქართველო გამთლიანდება.

„კიდევ ერთხელ მოგილოცავთ მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს.  დედაღვთისმშობლის მეოხებით გაერთიანდეს საქართველო, დაგვიბრუნდეს დაკარგული ტერიტორიები აფხაზეთი, სამაჩაბლო, რომ დაბრუნდნენ იქ ჩვენი დები და ძმები. ამაში კი განსაკუთრებით ჩვენი ღვთისმშობელი დედა დაგვეხმარება, რომელიც განსაკუთრებულად ლოცულობს ჩვენთვის“,-აღნიშნა მეუფე იობმა.