ბიძინა ივანიშვილი: გამარჯვების შემდეგ „ქართული ოცნება

ბიძინა ივანიშვილი: გამარჯვების შემდეგ „ქართული ოცნება" დაამთავრებს ქართველი ხალხის უღირს ცხოვრებას

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მის წინააღმდეგ აგორებული ჭორები, რომლებიც მაღაროს დახურვასა და რაიონში კანონიერი ქურდების შეყვანას უკავშირდება, მორიგი მტკნარი ტყუილია. ამის შესახებ მან დღეს ტყიბულში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ივანიშვილის თქმით, მას ამდენ ხანს ისე უცხოვრია, რომ მის ცხოვრებაში ერთ შავ ხაზს ვერავინ ნახავს.

„მთელი ჩემი ცხოვრება წესიერად მიცხოვრია. ჩემს ცხოვრებაში ერთ შავ ხაზსაც ვერ ნახავენ. ეს ორი ჭორი კი უბრალოდ სასაცილოა. მაღაროს არა თუ დახურვას ვაპირებ, არამედ კიდევ უფრო გაძლიერდება და იქ გაცილებით მეტი ხალხი დასაქმდება. რაც შეეხება კანონიერი ქურდების შემოყვანას, ამაზე მხოლოდ მეცინება. არ დაიჯეროთ ხალხო", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. 

მისივე განმარტებით, დღეს საქართველოში ცხოვრება საფრთხის შემცველია. ივანიშვილი აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ „ქართული ოცნება" დაამთავრებს ქართველი ხალხის უღირს ცხოვრებას და საქართველოში ჭეშმარიტად სახალხო ხელისუფლებას მოიყვანს.

„ჩვენ მოვიყვანთ ჭეშმარიტად სახალხო ხელისუფლებას, გავათავისუფლებთ ბიზნესს და ვერც ერთი მოხელე ვერ გაბედავს ქრთამის აღებას. თუ გაბედავს – შესატყვის ადგილს მიიღებს. საქართველოს მოსახლეობამ უკვე აბსოლუტურად შეიცნო ხელისუფლება და აბსოლუტური უმრავლესობა მას ვეღარ იტანს“, - დასძინა მან.