პაატა ზაქარეიშვილი: ამერიკელები სააკაშვილს კი არა, საქართველოში ანტიდემოკრატიული განწყობის გაძლიერებას უწყობენ ხელს

პაატა ზაქარეიშვილი: ამერიკელები სააკაშვილს კი არა, საქართველოში ანტიდემოკრატიული განწყობის გაძლიერებას უწყობენ ხელს

კოალიცია „ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "თუ ჩვენ ავტორიტარულ რეჟიმს მივიღებთ, ხალხი აშშ-ის წინააღმდეგ განეწყობა".  ამის შესახებ საუბარია ანალიტიკოს ჯულიან პეკეს სტატიაში "ქართული ოპოზიცია ობამას ადმინისტრაციის მწვავე საარჩევნო დავაში ჩაბმას ცდილობს". სტატიის ქართულ ვერსიას Foreignpress აქვეყნებს. კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი From.ge- სთან საუბარში აცხადებს, რომ ქართულ მოსახლეობაში სწორედ ასეთი განწყობაა და სააკაშვილი თავისი ქმედებებით დემოკრატიული ინსტიტუტების დისკრედიტაციას უწყობს ხელს.

„მე წყალტუბოში უამრავ ხალხს ვხვდები. შემიძლია გითხრათ , რომ ასეთი განწყობაა ხალხში და ეს სასწრაფოდ შესაცვლელია. მოსახლეობა აცხადებს, რომ თუ ეს გაუსაძლისი წყობა, ძალადობა, შიმშილი და გაჭირვება დემოკრატიაა, მაშინ ჩვენ არ გვინდა ასეთი დემოკრატია. ისინი ამ მდგომარეობაში ყოფნას, სააკაშვილისთვის ამერიკის მხარდაჭერას აბრალებენ. სააკაშვილი თუ დემოკრატია, მაშინ რატომ ვცხოვრობთ ასე ცუდად? საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების დისკრედიტაცია ხდება“,-აცხადებს ზაქარეიშვილი.

კოალიციის წევრის განცხადებით, ქართველი ხალხი თვლის, რომ რუსეთში დიქტატორი მმართველია, შესაბამისად, დემოკრატიაც არ არის, მაგრამ თუ სააკაშვილი დემოკრატია, რატომ არის ძალადობა და დიქტატურა ქვეყანაში? „პუტინი არ არის დემოკრატი და რუს მოსახლეობასაც იმედი აქვს, რომ პუტინის გადადგომით, რუსეთში დემოკრატია დამყარდება. პუტინი რუს ხალხს დემოკრატიის იმედს უტოვებს მაშინ, როდესაც სააკაშვილი საქართველოში დემოკრატიის ცნებას ანადგურებს“,-განმარტავს ექსპერტი.   

ხვდებიან თუ არა ამერიკელები იმას, რა განწყობა სუფევს ქართულ  საზოგადოებაში მათ მიმართ და წავა თუ არა ამერიკა იმაზე, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, 1 ოქტომბერს  ისევ სააკაშვილს დაუჭიროს მხარი? ზაქარეიშვილის მოსაზრებით, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, რადგან ამერიკას ისედაც მილიონი პრობლემა გააჩნია. თუ ქართველი ხალხი თავად შეურიგდება ძალადობას, დიქტატურასა და ავტორიტარიზმს, მაშინ ამერიკაც დახუჭავს თვალს. „ამერიკამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის, მაგრამ  ჩვენზე უფრო დიდი პრობლემები არსებობს მსოფლიოში, თუნდაც სირიის ან ირანის სახით. ამერიკისთვის საქართველო დიდ პრიორიტეტს არ წარმოადგენს, ჩვენ მისი პრიორიტეტების პირველ ათეულშიც კი არ ვართ,ნავთობი და გაზი ჩვენ არ გვაქვს,  ჩვენზე არ გადის მნიშვნელოვანი გზები. თუ ჩვენ ამერიკაზე აგვუცრუვდა გული, ეს ჩვენი პრობლემაა და არა მათი. თუ ქართველი ხალხის აიტანს ავტორიტარიზმს, დიქტატურას და ძალადობას, თუ სააკაშვილმა დაამყარა ისეთი წესრიგი რომ ვერავინ ხმა ვერ ამოიღო და ჩაყლაპა არჩევნების გაყალბება,  ამერიკაც ჩაყლაპავს“,-აცხადებს ექსპერტი.

ზაქარეიშვილის განცხადებით, სააკაშვილის ქმედებებით,  ამერიკა თავის ადგილს აქ ვეღარ ხედავს, მისი ადგილი კი საქართველოში მაშინ იქნება, როცა ქართველი ხალხის დემოკრატიის და არა ამერიკის სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას. 

 „  რუსეთი ჩვენთან ტერიტორიულად  ახლოსაა, რომელიც ყველაფერს აკონტროლებს საქართველოში, რადგან ეკონომიკის 80%-ი  სააკაშვილმა რუსეთს გადასცა, მისი საშუალებითვე მოახდინა რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. რუსეთმა სააკაშვილის დახმარებით შეძლო საქართველოს ხელში ჩაგდება და ამერიკა ხედავს,რომ მისი ადგილი აქ არ არის. მისი ადგილი აქ მაშინ იქნება,  როცა ქართველი ხალხი არ ამერიკის,არამედ დემოკრატიის სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას. ამერიკელები არა თავისი ავტორიტეტისთვის, არამედ დემოკრატიისთვის იბრძვიან საქართველოში, ამიტომ გადაწყვეტილება ქართველმა ხალხმა 1 ოქტომბერს უნდა მიიღოს-უნდა მას ძალადობა და ავტორიტარიზმი თუ დემოკრატია?“,-მიაჩნია პაატა ზაქარეიშვილს.