ბიძინა ივანიშვილი: ხელისუფლების მიერ აღებულმა ახალმა კრედიტებმა საქართველოს საგარეო ვალი 2- ჯერ გაზარდა

ბიძინა ივანიშვილი: ხელისუფლების მიერ აღებულმა ახალმა კრედიტებმა საქართველოს საგარეო ვალი 2- ჯერ გაზარდა

„ხელისუფლების მიერ აღებულმა ახალმა კრედიტებმა საქართველოს საგარეო ვალი 2-ჯერ გაზარდა, რაც მოსახლეობის გადასახდელია“, - ეს განცხადება კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს, ტყიბულში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, 2003 წლიდან დღემდე ხელისუფლებას კრედიტის სახით 6 მილიარდი აქვს აღებული, მათგან ივანიშვილის განცხადებით, მაქსიმუმ, 4 მილიარდი დოლარი დაიხარჯა სხვადასხვა პროექტების განხორციელებაზე.

„აშენდა დაახლოებით, 17 იუსტიციის სახლი, ქუთაისის პარლამენტი, პრეზიდენტის სასახლე, გაკეთდა რამდენიმე გზა. როგორც „ქართული ოცნების" ლიდერი აცხადებს, ეს დანახარჯები 4 მილიარდზე მეტი ვერ იქნებოდა და აინტერესებს, სად წავიდა დანარჩენი 2 მილიარდი? რას გვამადლიან, ჩვენს მიერ ჩვენი გასასტუმრებელი ფულით აშენებულ გზებს გვამადლიან? რაიონების შიდა გზები ბევრი აშენდა, მაგრამ საეჭვოა, რომ ეს თანხებიც მიზნობრივად იყოს გახარჯული", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ის დაპირდა მოსახლეობას, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, აღდგება სამართლიანობა ქვეყანაში. მისი თქმით, ამის შემდეგ ბიზნესიც გათავისუფლდება ზეწოლისგან და აღნიშნა, რომ ეს საინვესტიციო გარემოს გააუმჯობესებს.

როგორც ივანიშვილი აცხადებს, ამას სჭირდება ნება და მას ეს ნება გააჩნია.

„დღეს საქართველოში სოციალური დახმარება ძირითადი შემოსავლის წყაროა. სირცხვილია, როცა ქართველი დედები საზღვარგარეთ მცირე ანაზღაურების ფასად დაბალკვალიფიციურ სამუშაოს ასრულებენ. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დასაქმება პროფესიის მიხედვით მოხდება“, - განაცხადა კოალიციის ლიდერმა.

მისივე განცხადებით, დღეს საქართველოში პენსია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ყველაზე დაბალია.

„ევროპასთან შედარებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია, ჩვენ პირველი ვართ ევროპაში ბავშვების სიკვდილიანობით და არა იმით, რითაც სააკაშვილი ყელყელაობს. სააკაშვილი ბევრს საუბრობს, რომ კორუფცია აღმოიფხვრა, თუმცა საქართველოში ელიტარული კორუფცია მძვინვარებს. უნდა დამთავრდეს სიცრუეზე, სიყალბეზე და ფასადურობაზე დაფუძნებული პოლიტიკა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.