აუდიტის სამსახურმა „საქართველო არ იყიდება“-ს საქმეზე ადმინისტრაციული ოქმი შეადგინა

აუდიტის სამსახურმა „საქართველო არ იყიდება“-ს საქმეზე ადმინისტრაციული ოქმი შეადგინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა ორგანული კანონით განსაზღვრული მონიტორინგის სუბიექტის - ააიპ „საქართველო არ იყიდება"-ს წევრების გიგა ნასარიძისა და ირაკლი ლექვინაძის მიერ პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ განხორციელებული არაფულადი შემოწირულების საკითხი. ამასთან დაკავშირებით შესაბამისის უწყების მიერ გავრცელებული განცხადებიდან გახდა ცნობილი.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ააიპ „საქართველო არ იყიდება"-ს მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არ არის ასახული ვიდეო რგოლების სახით არაფულადი შემოწირულების მიღების ფაქტი და არ არის დეკლარირებული „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესების დაცვით. შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ააიპ „საქართველო არ იყიდება"-ს მიმართ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელშიც ორგანული კანონით განსაზღვრული სანქციის ოდენობა შეადგენს 5000 ლარს.

აუდიტის სამსახურის ინფორმაცითვე, სამართალდარღვევის საქმე განსახილველად ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა.

„საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური მომავალშიც გააგრძელებს მონიტორინგს და უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებულობას პოლიტიკური სუბიექტების მიერ მიღებული შემოსავლების და გაწეული ხარჯების კანონშესაბამისობის შესახებ“, - აღინიშნა განცხადებაში.