დღეს, მართლამდიდებლური სამყარო ღვთისმშობლის მიძინებას - მარიამობას აღნიშნავს

დღეს, მართლამდიდებლური სამყარო ღვთისმშობლის მიძინებას - მარიამობას აღნიშნავს

 

28 აგვისტოს, ქრისტიანული სამყარო დიდ საეკლესიო დღესასწაულს - მარიამობას ანუ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინებას აღნიშნავს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II საზეიმო ლიტურგიას სიონის საკათედრო ტაძარში

როგორც From.ge-ს საქართველოს საპატრიარქოდან აცნობებეს, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით,09:00 საათზე  საზეიმო წირვა-ლოცვას აღავლენს.

ყოვლადწმინდა მარიამი სიონის მთაზე, იოანე ღვთისმეტყველის სახლში ცხოვრობდა. ის უფალს ევედრებოდა, რომ სხეულიდან განსვლის ჟამს ჯოჯოხეთის საშინელებანი არ ეხილა და მისი სული ღვთაებრივი ხელით თვით უფალს მიეღო.

ყოვლადწმინდა მარიამი მიძინებისთვის ემზადებოდა და ამის შესახებ უპირველეს ყოვლისა იოანე ღვთისმეტყველს ამცნო. ის მშვიდად იძლეოდა განკარგულებებს. ბრძანა, მოემზადებინათ სანთლები, საკმეველი და ყოველივე ის, რაც დაკრძალვისთვის აუცილებელი იყო.

ხალხი იოანე ღვთისმეტყველის სახლისკენ ყოველი მხრიდან მოდიოდა. ღვთისმშობელი მათ აიმედებდა და ჰპირდებოდა, რომ არ მიატოვებდა.

ღვთისმშობელს არ დავიწყებია თავისი მწირი ქონების და დაკრძალვის შესახებ ანდერძი დაეტოვებინა. მისი ორი შესამოსელი რჩებოდა ორ ღარიბ ქვრივს, რომლებიც საზრდოს მისგან იღებდნენ და მხურვალე სიყვარულით ემსახურებოდნენ.

თავისი სხეულის დაკრძალვა მან გეთსიმანიის ქვაბულში - იოსაფატის ველთან, ზეთისხილის მთასა და იერუსალიმს შორის ისურვა, სადაც მისი მართალი მშობლები განისვენებდნენ.

ანგელოსის გამოცხადებიდან მესამე დღე დადგა. ახლოვდებოდა დღის სამი საათი - დრო, როდესაც მიძინება იყო ნაწინასწარმეტყველები. სახლში სანთლები ენთო, ღვთისმშობლის სარეცელს გარშემორტყმული მოციქულები უფალს ადიდებდნენ. მოულოდნელად სახლის ჭერი განიღო და ანგელოსთა გალობა გაისმა: „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის!“ და ღვთისმშობლის სული უფლის ხელით, ზეიმითა და ზეციური ძალების თანხლებით ცათა სასუფეველში ავიდა.

საეკლესიო განმარტებით, ღვთისმშობლის მიძინება უფლის ზეცად ამაღლებიდან მეჩვიდმეტე წელიწადს, იერუსალიმში, სიონში, წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახლში მოხდა, სადაც წმინდა მარიამი მიძინებამდე ცხოვრობდა.

 

მოციქულებმა მხოლოდ საღამოს შეძლეს მისი საფლავში დადება. გამოქვაბულის შესასვლელი ქვით დაფარეს.

მოციქულ თომას წილად ხვდა, რომ ღვთისმშობლის აღდგომის გაცხადების მონაწილე ყოფილიყო. ღვთის ნებით, იგი ღვთისმშობლის დაკრძალვიდან მესამე დღეს გეთსიმანიაში მივიდა. წმინდა მოციქულებმა, გულწრფელი სიბრალულის გამო, გადაწყვიტეს საფლავის ქვა გადაეგორებინათ და თომასთვის საშუალება მიეცათ, ღვთისმშობლის წმინდა გვამი ეხილა.

ქვის გადაგორებისთანავე ნახეს, რომ აკლდამაში მხოლოდ სუდარები დარჩენილიყო და მათგან გამოუთქმელი სურნელება გამოდიოდა. ღვთისმშობლის პატიოსანი გვამი აღარსად იყო.

ღვთისშმობლის ქვაში გამოკვეთილი საფლავი, ისევე, როგორც საფლავი მისი ძისა, ყველა მორწმუნისთვის თაყვანისცემის საგნად დარჩა. უძველესი დროიდან ეკლესიის მიერ ღვთისმშობლის მიძინების მოსახსენებლად 28 აგვისტოა დადგენილი. ის 12 საუფლო დღესასწაულთა შორისაა.

ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით, სწორედ ამ დღეს ხდება ღვთისმშობელთან ჩვენი შეხვედრა, რათა მოციქულების მსგავსად დავილოცოთ მისგან.

ქალწულის ზეცას ამაღლებით, რაც მისი მიძინების შემდგომ მოხდა, ქრისტეს მიმდევრებმა უფალთან დიდი შემწე და მეოხი შეიძინეს.

ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს თორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთიმშობლის შობა, მიძინება (რომელსაც ეკლესია მარხვით ხვდება) და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.

მარიამობის მარხვა 14 აგვისტოდან იწყება და 28 აგვისტოს მთავრდება. ეკლესიის ისტორიაში ამ მარხვის დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია. უცნობია, აგრეთვე, როდის დაწესდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული.

საეკლესიო მოღვაწე ნიკიფორე კალისტას ცნობით, მიძინების დღესასწაულის აღნიშვნა მავრიკიოსის მეფობის დროს დაწესებულა.

ანასტასი კესარიელის ცნობით კი მორწმუნეთათვის, მარიამობის მარხვა საყოველთაო მას შემდეგ გამხდარა, რაც საყოველთაოდ იქცა მიძინების დღესასწაულის აღნიშვნა. ეს დაახლოებით VI საუკუნეში, ლეონ ფილოსოფოსის მეფობის დროს მომხდარა.