"ახალი მემარჯვენეების" ლიდერები დავით გამყრელიძე და ფიქრია ჩიხრაძე ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატ ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად ქალაქ ლაგოდეხის მოსახლეობას შეხვდნენ.
გამყრელიძემ შეხვედრაზე "ახალი მემარჯვენეების" პროგრამის პრიორიტეტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობაში მთავარი პრობლემა ადამიანების დაუსაქმებლობა და ოჯახების უშემოსავლოდ დარჩენაა.
მისივე თქმით, ოჯახებს მინიმუმ 1000 ლარი უნდა ჰქონდეთ შემოსავალი.
„მემარჯვენეების" მთავარი საზრუნავია, რომ ოჯახებს გაუჩნდეთ შემოსავალი მინიმუმ 1000 ლარის ოდენობით თვეში და არა 4 წელიწადში, როგორც ამას ხელისუფლება და ვანო მერაბიშვილი ჰპირდება საზოგადოებას და ეს სავსებით შესაძლებელია", - განაცხადა გამყრელიძემ.
დღესვე შეხვედრაზე მოსახლეობას ფიქრია ჩიხრაძემ და ზურაბ ჯაფარიძემაც მიმართეს. მათ 2012 წლის არჩევნების განსაკუთრებულობაზე ისაუბრეს და მოსახლეობას არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდეს.