სტუდენტთა საგრანტო პროგრამას რამდენიმე კატეგორია ემატება

სტუდენტთა საგრანტო პროგრამას რამდენიმე კატეგორია ემატება

სტუდენტთა საგრანტო პროგრამას წელს რამდენიმე კატეგორია დაემატა.  ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ხატია დეკანოიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, წელს სახელმწიფო გრანტიდან სრულ დაფინანსებას სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი სტუდენტები მიიღებენ და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში აქცენტი ბავშვთა სახლებში აღზრდილ მოქალაქეებზე არის გაკეთებული.

„მთავრობის დადგენილებით მოქმედებს სპეციალური სოციალური პროგრამა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო სხვადასხვა კატეგორიების სტუდენტებს სრულად აფინანსებს. აღნიშნული სია, 25 აგვისტოს, მას შემდეგ გვეცოდინება, რაც იმ სტუდენტების სია გამოქვეყნდება, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ“ - განაცხადა დეკანოიძემ.

დეკანოიძის ინფორმაციით, ძალაში რჩება დანარჩენი კატეგორიების დაფინანსების პირობები. მისი თქმით,

გასული 7 წლის მსგავსად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულთა შვილები და მარჩენალდაკარგულები სახელმწიფოსგან წელსაც დაფინანსდებიან.

„ სრულად დაფინანსდებიან ასევე, სტუდენტები, რომლებიც 2008 წლის 7 აგვისტომდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე სწავლობდნენ, სტუდენტები, რომლებიც მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველთა ოჯახების წევრები არიან“, - განაცხადა მინისტრმა.

მსურველებმა დაფინანსების მისაღებად განცხადება, თანდართული დოკუმენტაციით, განათლების სამინისტროში 8 ოქტომბრამდე უნდა წარადგინონ.