ვასილ ჭყოიძე: ცნობადი სახეების დიდი რაოდენობით მოხვედრა პარლამენტში ბალასტს წარმოქმნის

ვასილ ჭყოიძე: ცნობადი სახეების დიდი რაოდენობით მოხვედრა პარლამენტში ბალასტს წარმოქმნის

პარლამენტში შემავალმა სავარაუდო სამმა ძირითადმა პარტიამ  „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ქართულმა ოცნებამ“ და ქდმ თავისი მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენა თითქმის დაასრულა.

ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრის პრეზიდენტმა ვასილ ჭყოიძემ From.ge-სთან მაჟორიტარების შერჩევის პარტიულ ტენდენციებზე ისაუბრა და  განაცხადა, რომ ნაციონალურმა მოძრაობის“, რომელმაც  თავისი პირველი ეშელონის ლიდერებზე გააკეთა აქცენტი, უპირატესობა აშკარაა.

„ქრისტიან-დემოკრატები  უფრო აქცენტს აკეთებენ საკუთრი პარტიის რესურსზე, „ნაციონალური მოძრაობა“ მასთან ასოცირებულ წევრებსა და ლიდერებზე აკეთებს აქცენტს. განსხვავდება „ქართული ოცნების“ მეთოდი-ისინი ცდილობენ ცნობადი სახეები გამოიყენონ, რადგან ახლად შექმნილი პარტიაა და პარტიული სტრუქტურები ჩამოყალიბების პროცესშია. მათი მაჟორიტარები ცნობილი რეჟისორები, ფეხბურთელები, მოჭიდავეები არიან, თუმცა გამონაკლისები, რა თქმა უნდა არიან.

რაც შეეხება იმას, არჩევნების დროს რომელი ტენდენცია მოიპოვებს ძირითადად უპირატესობას, ავღნიშნავ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში პარტიული ლიდერები საბოლოო ჯამში უფრო წარმატებული იქნებიან. ცნობადმა სახემ შეიძლება არჩევნებში პარტიას წარმატება მოუტანოს, მაგრამ ასეთი პიროვნებების დიდი რაოდენობით მოხვედრა პარლამენტში, ბალასტს წარმოქმნის და შესაბამისად, ისინიც ვერაფერს ვერ გააკეთებენ, გარდა კენჭისყრაში მონაწილეობისა. საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში აქცენტი პარტიის ლიდერებზე და ჩამოყალიბებულ პარტიულ კონიუქტურაზე უფრო მომგებიანია, ხოლო ისეთ ჯერ კიდევ  ჩამოუყალიბებელი პოლიტიკური კულტურის მქონე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მოკლევადიან პერსპექტივაში ცნობადი სახეების  რაღაც ნაწილმა, შეიძლება უპირატესობაც მოიპოვოს. თუმცა, დამოუკიდებლობიდან 20 წლის შემდეგ, საზოგადოებამ გამოცდილება მიიღო პოლიტიკური ცხოვრების მხრივ და მიმაჩნია, რომ რთული პროგნოზირებადია  მაჟორიტარების თემა.

თბილისში აშკარად გამოიკვეთა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი პირველი ეშელონის ლიდერებზე გააკეთა აქცენტი და მათი უპირატესობა აშკარაა, თუმცა ზოგიერთ რეგიონში შეიძლება მათი კანდიდატების წინააღმდეგ სერიოზული ბრძოლა წავიდეს“,-აცხადებს ჭყოიძე.