საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსს გამომძიებელ ილია ყუფუნიას წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების რეკომენდაციით მიმართა.
ამის შესახებ შესაბამისი უწყების მიერ გავრცელებული განცხადებიდან გახდა ცნობილი. განცხადებაში ნათქვამია, რომ 2012 წლის 31 მაისს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართეს ბრალდებულ ვახტანგ ძიძიშვილის ადვოკატებმა. სახალხო დამცველის ინფორმაციით, თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროკურორო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გენადი ბაღდასაროვისა და გამომძიებელ ილია ყუფუნიას წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ ვახტანგ ძიძიშვილის მიმართ.
"საქმის მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ თბილისისა და მცხეთა–მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს მთავარი გამომძიებლის, ილია ყუფუნიას მიერ შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ბრალდებულ ვ. ძიძიშვილის დაცვის უფლების დარღვევას. 2012 წლის 4 აპრილს, დაახლოებით 17:00 საათზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულებაში გამოცხადდა გამომძიებელი ილია ყუფუნია, რომელიც აპირებდა ბრალდებულ ვახტანგ ძიძიშვილისთვის ბრალის წაყენებას. ბრალდებულმა მოითხოვა ადვოკატის დახმარება, რათა უკეთ გარკვეულიყო შექმნილ ვითარებაში. გამომძიებელმა ბრალდებულის კანონიერი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ის დაუკავშირდა საპროცესო ხელმძღვანელს, პროკურორ გენადი ბაღდასაროვს და მას მიანდო მდგომარეობის გარკვევა. მოგვიანებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულებაში მივიდა პროკურორი გენადი ბაღდასაროვი, რომელმაც სცადა ვახტანგ ძიძიშვილის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილების ხელმოწერაზე უარის მიზეზის დადგენა. ბრალდებულმა ისევ მოითხოვა ადვოკატის დახმარება, თუმცა ამჯერადაც უშედეგოდ. ყოველივე ზემოაღნიშნული დასტურდება პროკურორ გ.ბაღდასაროვის მიერ 2012 წლის 4 აპრილს შედგენილი ოქმით, რომელსაც ხელს აწერს გამომძიებელი ილია ყუფუნიაც და თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულის პირველი წარდგენის 2012 წლის 5 აპრილის სხდომის ოქმით. დოკუმეტებში აღნიშნულია, რომ ბრალდების შესახებ დადგენილების წაყენების დროს ბრალდებული ითხოვდა ადვოკატის დახმარებას, რაც გამომძიებელმა არ დააკმაყოფილა", - აცხადებს სახალხო დამცველი და აღნიშნავს,
განცხადებაში ტუღუში აცხადებს, რომ თუ ბრალდებულს სურს ადვოკატის აყვანა და მისი მონაწილეობა სისხლის სამართლის საქმეში, ეს მისი კანონიერი უფლებაა და ეს მოთხოვნა დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს.
სახალხო დამცველის განმარტებით, ადვოკატის დახმარებით სარგებლობის უფლება სამართლიანი სასამართლოს პრინციპის ცენტრალური ელემენტია და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს უფლება არ მიეკუთვნება აბსოლუტურ უფლებათა კატეგორიას, ამ უფლებაზე განხორციელებული შეზღუდვა უნდა ატარებდეს დროებით ხასიათს.
„შეზღუდვა განპირობებული უნდა იყოს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობით, უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და არსებით საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს ეფექტიანი დაცვის არსს. ბრალდებულ ვახტანგ ძიძიშვილის შემთხვევაში, მას ჰქონდა სურვილი ბრალდების შესახებ დადგენილების გაცნობას დასწრებოდა მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი, სახეზე არ იყო უფლების შეზღუდვის უკიდურესი აუცილებლობა, მაგრამ გამომძიებელმა არ შეასრულა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები. ბრალდების შესახებ დადგენილების გაცნობის დროს ბრალდებულს არ მისცა საშუალება მოეწვია ადვოკატი, მიუხედავად ამ უკანასკნელის ღიად დაფიქსირებული ნებისა. შესაბამისად, დაარღვია "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონი, რომლის მიხედვით გამომძიებელი თავის საქმიანობას უნდა ახორციელებდეს კანონიერების პრინციპზე დაყრდნობით", - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.