ინგოლშტატის ქართული კამერული ორკესტრის კონცერტი „თიბისი გალერეაში“

ინგოლშტატის ქართული კამერული ორკესტრის კონცერტი „თიბისი გალერეაში“

დღეს, „თიბისი გალერეა“ გერმანიის ქალაქ ინგოლშტატის ქართული კამერული ორკესტრის კონცერტს უმასპინძლებს. კონცერტის დირიჟორია მსოფლიოში ცნობილი ბრაზილიელი დირიჟორი, ლავარდ სკოუ ლარსენი, შესრულდება  მოცარტისა და ჰაიდნის ნაწარმოებები.

საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრი 1964 წელს დაარსდა. დაარსებიდან დღემდე ის მას მსოფლიოს მასშტაბით, ყველაზე ცნობილ საკონცერტო დარბაზებში, არაერთი კონცერტი გაუმართავს. მათ შორის, კარნეგი ჰოლში(ნიუ-იორკი), ჩაიკოვსკის სახელობის დარბაზში (მოსკოვი), ქ. სიდნეის ოპერაში, ქ.მიუნჰენის ფილარმონიაში და ა.შ.

1984 წლიდან ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორია ლიანა ისაკაძე. 1990 წლიდან ორკესტრი დაფუძნდა გერმანიის ქალაქ ინგოლშტატში, სადაც ის 5 წლის განმავლობაში ლიანა ისაკაძესთან ერთად მოღვაწეობდა. ორკესტრთან ერთად სხვადასხვა დროს მუშაობდნენ ისეთი მსოფლიოში აღიარებული სოლისტები და მუსიკოსები, როგორებიც არიან რუდოლფ ბუჰბინდერი, ტაბეა ციმერმანი, ჰაინრიჰ შიფი, სერგეი ნაკარიაკოვი, ნატალია გუტმანი, ლიზა ბათიაშვილი, ფრანსუა ლელუ, კურტ მაზური და სხვები. 


აღნიშნული კონცერტი „თიბისი გალერეაში“ 19:30 საათზემუსიკალური ფესტივალის „მოგზაური ნოტები 2012“ ფარგლებში იმართება . ფესტივალის პროგრამაშია მსოფლიო კინომუსიკა და კლასიკური სიმფონიური კომპოზიციები,  შესრულდება შტრაუსის, ბახის, პიაცოლას ნაწარმოებები, ასევე, შესრულდება ვიქტორ დოლიძისა და რევაზ ლაღიძის კომპოზიციები. გალა წარმოდგენაზე 15 აგვისტოს შესრულდება ლალოს კონცერტი ჩელოსათვის.

ფესტივალის მუსიკალური და საგანმანათლებლო ნაწილის გარდა, ახალგაზრდა მუსიკოსებს საშუალება მიეცემათ, უკეთ გაიცნონ ერთმანეთი. დაგეგმილია ექსკურსიები მცხეთაში, უფლისციხეში, დავით გარეჯის მონასტერში, ნარიყალის ციხეზე, ძველ თბილისში. მუსიკოსები ადგილობრივი მოცეკვავეების კონცერტსაც დაესწრებიან.