სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2011 წელს, წინა წლებთან შედარებით, ერთი რიგითი ოჯახის სამომხმარებლო ფულადი ხარჯები გაიზარდა. ამ პერიოდში ხარჯებმა 475,7 ლარი შეადგინა, რაც 2010 წელთან შედარებით 32,3 ლარით მეტია. 2003 წლის შემდეგ კი ერთი რიგითი ოჯახის ხარჯები თითქმის გაორმაგდა, ის 255,9 ლარითაა გაზრდილი. სპეციალისტები ამ მონაცემებს არარეალურს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ სრული სურათის მისაღებად საჭიროა დეტალური კვლევა.
შარშანდელი მონაცემებით, ოჯახი ყველაზე ცოტა ფულს - 17,4 ლარს - ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე და ამდენივეს განათლებაზე ხარჯავს. ოჯახის ხარჯებიდან საოჯახო მოხმარების საქონელზე 18 ლარი მოდის. აქედან გამომდინარე, საერთო ხარჯში დაახლოებით 3-3% უჭირავს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შეძენასა და განათლებას.
ოჯახის ხარჯებში ყველაზე დიდი წილი 192,4 ლარი სურსათზე, სასმელსა და თამბაქოზე მოდის, რომელსაც 59 ლარით სათბობისა და ელექტროენერგიის ხარჯები მოჰყვება. ჯანდაცვისთვის გაწეული ხარჯები თვეში, საშუალოდ, 55,4 ლარით განისაზღვრა, ხოლო ტრანსპორტზე მხოლოდ 45,7 ლარი იხარჯება.
ბოლო წლების მაჩვენებლების მიხედვით, 2011 წელს ერთი რიგითი ოჯახის სამომხმარებლო ფულადი ხარჯები 2003 წელთან შედარებით 102%-ით მეტია. “ვარდების რევოლუციამდე” ერთი შინამეურნეობის სამომხმარებლო ფულადი ხარჯები სულ რაღაც 219,8 ლარს შეადგენდა. რაც შეეხება მთლიან ფულად ხარჯებს, თუ 2003 წელს ოჯახის ფულადი ხარჯები სულ რაღაც 269,5 ლარით განისაზღვრებოდა, 2011 წელს ამ მაჩვენებელმა 594,9 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება საერთო მაჩვენებელს, ანუ რამდენ ლარს ხარჯავს როგორც ერთი ადამიანი, ასევე ერთი შინამეურნეობა თვეში, სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით ასე გამოიყურება: 2003 წელს ერთი ადამიანის სამომხმარებულო ფულადი ხარჯები საერთო ჯამში 58,6 ლარი იყო, ერთი ოჯახისა - 219,8 ლარი. უკვე 2004 წლიდან სამომხმარებლო ხარჯები, წინა წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა. ერთი ადამიანის სამომხმარებლო ხარჯები 2011 წელს 131,5 ლარამდე გაიზარდა.
რაც შეეხება ერთ შინამეურნეობას, ანუ ერთ ოჯახს შარშან სამომხმარებლო ხარჯებისთვის 475,7 ლარი სჭიედებოდა, თუმცა სპეციალისტები ამგვარ არითმეტიკულ გათვლებს არ ეთანხმებიან.
ეკონომიკის ექსპერტის სოსო არჩვაძის განმარტებით, სამომხმარებლო ხარჯები 2003 წელთან შედარებით მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. ამასთან, თუ ინფლაციასაც გავითვალისწინებთ, რომელიც ამ პერიოდში 72-75%-ის ფარგლებში იყო, ხარჯების ამ ოდენობით ზრდა რეალურია.
“2011 წლის მონაცემებით, დაახლოებით, სამჯერ მეტი იხარჯება ჯანდაცვაზე, განათლებასთან შედარებით. აქ სხვა მომენტია, განათლებისა და ჯანდაცვის სარგებლიანობის მიმღების გარკვეული ნაწილი მიიღება არაკომერციული ფორმით. მაგალითად, ადამიანი ღებულობს უფასო განათლებას, უფასო სამედიცინო ან სადაზღვევო მომსახურებას. ამიტომ, ეს ციფრები ასახავს მხოლოდ იმ ხარჯს, რასაც ოჯახი გაიღებს ამა თუ იმ მომსახურებაზე.
რაც შეეხება ტრანსპორტზე გაწეულ ხარჯებს, აქ საჭიროა სპეციალიზირებული გამოკვლევა. მაგალითად, ოჯახის დიასახლისმა, ანუ რესპონდენტმა, შესაძლოა, არ იცოდეს მთლიანობაში რამდენი იხარჯება ოჯახის მიერ ტრანპორტირებაზე ან საწვავის შეძენაზე. ამიტომ, ეს მონაცემი არაა გამორიცხული სისტემური უზუსტობის ბრალი იყოს. ასევე, სასმელისა და თამბაქოს მოხმარებაზე, ხშირად ოჯახის ახალგაზრდა წევრები ოჯახს უმალავენ თამბაქოს მოხმარების შესახებ.
რეალური სურათის მისაღებად, სხვა არაპირდაპირი კვლევებია საჭირო. შინამეურნეობების კვლევა გვაძლევს მაგისტრალურ ხაზს, მაგრამ ის არაა საკმარისი, რომ ყველა დეტალს ჩავწვდეთ და მისი მეშვეობით გავაკეთოთ დასკვნები”, - ამბობს სოსო არჩვაძე.