ძიუდოისტი ბეთქილ შუკვანი საერთაშორისო სასამართლოში ჩივილს აპირებს. შუკვანი ამჟამად ლონდონში იმყოფება სადაც იურდიულ კონსულტაციებს გადის. ამის შესახებ From.ge-ს ბეთქილ შუკვანმა აცნობა.
ბეთქილ შუკვანის განცხადებას "From.ge უცვლელად გთავაზობთ.
"სამწუხაროდ, არაჯანსაღმა ქართულმა პოლიტიკამ სპორტშიც შეაღწია. მე მისი ერთ-ერთი მსხვერპლი ვარ. საზოგადოებამ კარგად იცის ლონდონის ოლიმპიადის მსვლელობისას ჩემს თავს გადახდენილი ისტორია. თუმცა, ის უმსგავსობა, რაც დღეს ქართულ სპორტში ტრიალებს, მხოლოდ ჩემი ამბით არ შემოიფარგლება. მე ახლა კვლავ ვიმყოფები ლონდონში, გავდივარ იურიდიულ კონსულტაციებს და ვაპირებ საერთაშორისო სასამართლოს მივმართო. მე ბოლომდე ვიბრძოლებ სიმართლისთვის, გამოვააშკარავებ იმ მძიმე რეალობას, რაც დღეს ქართულ სპორტში არსებობს და ქართულ საზოგადოებას დროულად შევატყობინებ პროცესის მსვლელობის შესახებ", - აღნიშნულია ბეთქილ შუკვანის განცხადებაში.
როგორც უკვე ცნობილია ძიუდოისტი ბეთქილ შუკვანი ლონდონის ოლიმპიადიდან საქართველოში დროზე ადრე დაბრუნდა. როგორც მან კოალიცია ქართული ოცნების ოფისში განაცხადა, ოლიმპიადიდან საქართველოში დაბრუნება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საფრთხე იგრძნო და ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ქართული დელეგაციის წევრმა, გია უდესიანმა მასთან შეხვედრა გადაწყვიტა.
"მირჩიეს, რომ არ შევხვედროდი და ამიტომ გამოვერიდე იქაურობას. ერთ-ერთი ჩემი მეგობარი ცხოვრობს ხორვატიაში და მას ვთხოვე დახმარება ბილეთის აღებაში. მან დამიჯავშნა ბილეთი, მითხრა მისამართი სად უნდა მივსულიყავი და წამოვედი", - განაცხადა უდესიანმა.
შუკვანის თქმით, პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც ბიძინა ივანიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა.