„უფლებადამცველთა გაერთიანების“ ინფორმაციით, ბოლო პერიოდში კერძო სექტორში პოლიტიკური ნიშნით დასაქმებულთა სამსახურიდან დათხოვნის ფაქტებმა მოიმატა, რაც ხლისუფლების მიერ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლების კერძო კომპანიებში „ჩანერგვასთან“ არის დაკავშირებული. ამის შესახებ გაერთიანების ხელმძღვანელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ხელისუფლებას კერძო სექტორში დასაქმებული 470 ათასი ადამიანის გაკონტროლება სურს და აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც მათთვის ცნობილი ხდება დასაქმებულთა და მათი ოჯახის წევრების პოლიტიკური შეხედულებები, მათი აქტივობები მიტინგებსა და დემონსტრაციებზე, მყისიერად ხდება აღნიშნულ პირთა სამსახურიდან დათხოვნა.
„ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვალშისაცემია ისეთ მსხვილ კომპანიებში, როგორიცაა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, ,,საქართველოს რკინიგზა’’ ,,თბილისის მეტროპოლიტენი’’ „ყაზტრანსგაზი”, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია”, „თელასი”, ასევე საბანკო სექტორი“, - განაცხადა მან.
მისივე თქმით, 20-25 წლის სტაჟის მქონე ადამიანებს ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე უშვებენ იმის გამო, რომ ისინი პირდაპირ თუ ირიბად გამოთქვამენ არსებული ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას.
„აფრთხილებენ, რომ თუკი დაიწყებენ სამართლებრივ პროცედურებს სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით, მათ მიმართ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე იმ მოტივით, თითქოს ისინი კორუფციულ გარიგებებში იყვნენ ჩართული“-აცხადებს მჟავანაძე.
„უფლებადამცველთა გაერთიანება“ განმარტავს, რომ ხელისუფლებისა და კერძო სტრუქტურების წარმომადგენელთა ეს ქმედება ”საქართველოს კონსტიტუციას“, ”საქართველოს შრომის კოდექსსა” და ”სისხლის სამართლის კოდექსს” ეწინააღმდეგება. ამდენად, ორგანიზაცია ხელისუფლებას და ბიზნეს-სქტორის წარმომადგენლებს მოქალაქეების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.