ადამიანის უფლებათა ცენტრის მედიამონიტორინგის შედეგების მიხედვით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყველაზე ხშირად სამთავრობო რეკლამები გადის. აღნიშნული მონიტორინგის შედეგები ცენტრის დირექტორმა, უჩა ნანუაშვილმა წარმოადგინა და აღნიშნა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე სოციალური რეკლამის სტატუსით - „დამზადებულია საქართველოში“, „მე მიყვარს თბილისი“ და „უფასო ინტერნეტი თბილისის მერიისგან“ გავიდა.
მონიტორინგის შედეგების მიხედვით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყველაზე დიდი დრო სუბიექტებს - ჯანდაცვის სამინისტრო - 30%, შსს - 14%, საკონსტიტუციო სასამართლო - 13% და სხვებს დაეთმო.
კვლევამ აჩვენა, რომ „რუსთავი 2“-ის ეთერში ყველაზე ხშირად „ნაციონალური მოძრაობის“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამები გავიდა. კერძოდ, ყველაზე ხშირად რეკლამა - „ჯანდაცვის პოლისები“ - 11%, „მე მიყვარს ანაკლია“ – 10%, ხოლო „ბათუმი“ – 8%.
ამასთანაავე აღნიშნული ტელეკომპანიის ეთერში ყველაზე ხანგრძლივი დრო - წუთების მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროს - 95 წთ, კოალიცია „ქართულ ოცნებას“ – 279 წთ, ხოლო საქართველოს პრეზიდენტს - 110 წთ დაუთმეს.
რაც შეეხება ტელეკომპანია „იმედს“ მის ეთერში ყველაზე ხანგრძლივი დრო სუბიექტებს - ხელისუფლება - 26%, განათლების სამინისტრო - 7%, „ქართული ოცნება“ კი - 5% დაუთმეს.
ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ყველაზე ხშირად გადიოდა რეკლამა - „ანაკლია გულითადად გელით“, რომელსაც 26% დაეთმო, ასევე, „რაჭა ჩემი სიყვარული“ – 16%, „დაიცავი წესრიგი“ – 5%.
შედეგების თანახმად, კავკასიის“ ეთერში ყველაზე ხშირად ოპოზიციური პარტიების პოლიტიკური რეკლამები გადიოდა. კერძოდ, ყველაზე ხანგრძლივი დრო დაეთმო „ქართულ ოცნების“ რეკლამებს - 35%, გაზეთ „თავისუფალ საქართველოს“ – 25%, „სამართლიანი არჩევნებისთვის“ – 15%.
აღნიშნული ტელეკომპანიის ეთერში ყველაზე ხანგრძლივი დრო დაუთმეს სუბიექტებს - „ქართული ოცნება“ – 57%, არასამთავრობო სექტორი - 14%, „თავისუფალი საქართველო“ – 8%.
რაც შეეხება ტელეკომპანია „მაესტროს“, მის ეთერშიც ყველაზე ხშირად ოპოზიციური პარტიების რეკლამები გავიდა. კერძოდ, „ქართული ოცნება“ – 66%, „თავისუფალი საქართველო“ – 14%, „ამომრჩეველთა ლიგა“ – 12%.
„მაესტრომ“ ყველაზე ხანგრძლივი დრო „ქართულ ოცნებას“ – 74%, „თავისუფალ საქართველოს“ – 19% და არასამთავრობო ორგანიზაციებს - 4% დაუთმო.
როგორც მონიტორინგის შედეგებშია აღნიშნული, რაც შეეხება ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ეთერში ყველაზე ხშირად კოალიცია „ქართული ოცნების“ რეკლამა - 34% გავიდა. მონიტორინგის პერიოდში აღნიშნულ ტელეარხზე ასევე, გადიოდა კამპანია „ეს შენ გეხებას“ – 34% და „ამომრჩეველთა ლიგის“ – 17% რეკლამები.
„მეცხრე არხის“ ეთერში ყველაზე ხანგრძლივ დროს კოალიციის ლიდერ ბიძინა ივანიშვილს - 49%, „ეს შენ გეხებას“ – 35%, ხოლო „ამომრჩეველთა ლიგას“ – 16%-ს უთმობდნენ.
კვლევის „საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის - 18 ივნისი - 29 ივლისის შედეგების“ პრეზენტაცია დღეს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართა.
ეს მონიტორინგის პირველი ეტაპი იყო. ცენტრი აგვისტოს ანგარიშის პრეზენტაციას სექტემბრის დასაწყისში გამართავს.