ქართული ჟურნალისტიკა სამოქალაქო ომის რეჟიმშია გადასული, ჟურნალისტები ებრძვიან ერთმანეთს. აცხადებს პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
"უბედურებაა ის, რაც ხდება - ქართული ჟურნალისტიკა სამოქალაქო ომის რეჟიმშია გადასული, ჟურნალისტები ებრძვიან ერთმანეთს. არ ვგულისხმობ იმ გოგონას, დუგლაძეს, რომელსაც მართლაც ჯგროდ დასდევენ ვიღაცები და საქმიანობაში ხელს უშლიან. იმდენად პოლიტიზებულია საზოგადოება და იმდენად დამახინჯდა ამ თვალსაზრისით მთელი ქვეყანა, რომ ჟურნალისტები სამოქალაქო ომის რეჟიმში არიან ერთმანეთთან“,-აცხადებს არეშიძე.
მისი თქმით, საერთო თავშეყრის ადგილებში ჯერ კიდევ ხვდებიან ერთმანეთს და ცდილობენ, პოლიტიკაზე არ ილაპარაკონ, მაგრამ ძალიან მძიმე ვითარებაა.
„ ამ მხრივ ელექტრონული მედიის ჟურნალისტები გამოირჩევიან, ვიცნობ რამდენიმე მათგანს, მათ შორის ჩემს გაზრდილებსაც, მაგრამ არ მითხრათ, "გამზრდელი" წაიკითხეო. ისინი ამას აკეთებენ იმის გამო, რომ იძულებული არიან, თავიანთი საბანკო ანგარიშები გაასწორონ... შუბი ხალთაში არ დაიმალება და იმ სამწუხარო დღეს ველოდები, როცა ჟურნალისტები ფიზიკურად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ეს იქნება პრელუდია სერიოზული სამოქალაქო დაპირისპირებისა. იმდენად აიზილა სიტუაცია და იმდენად მძიმე დღეშია ქართული ჟურნალისტიკა, ვეღარ ვამბობ, რა არის ნორმალური ჟურნალისტიკა, რა არის ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლა და რა - არა", - აცხადებს არეშიძე.