საქართველოში 763 ათასი უმუშევარი და სამუშაოს მაძიებელი აღირიცხა

საქართველოში 763 ათასი უმუშევარი და სამუშაოს მაძიებელი აღირიცხა

საქართველოში ამჟამად 763 000 უმუშევარი და სამუშაოს მაძიებელი პირია აღრიცხული. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე დღეს სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსმა რამაზ სულამანიძემ განაცხადა, რომელმაც „სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის“ მიმდინარეობის პრეზენტაცია წარმოადგინა.

სულამანიძის განმარტებით, ამის შემდეგ მათ დასახმარებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაიწყება.

„მონაცემების სრულყოფის მიზნით, აგვისტოს მეორე ნახევრიდან დაიწყება ბაზაში შეყვანილი პირების სატელეფონო გადამოწმება, ხოლო ოქტომბრის ბოლოს დასრულდება უმუშევართა და სამუშაოს მაძიებელთა გამოკითხვა“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ  დასაქმების პოლიტიკის განსაზღვრისთვის სრულყოფილი ბაზა დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატს გადაეცემა.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მინისტრთა კაბინეტის წევრები გურიაში გაემგზავრნენ.