სოსო ცისკარიშვილი:  ნუ დავიმშვიდებთ თავს-ხელისუფლება არჩევნებზე ყველაფერს იკადრებს

სოსო ცისკარიშვილი: ნუ დავიმშვიდებთ თავს-ხელისუფლება არჩევნებზე ყველაფერს იკადრებს

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დიდგორის დღესასწაულზე გამოსვლას აფასებს და From.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები გააჩნია და თვითმკურნალობის კურსი უკვე დაგვიანებულია. რაც შეეხება დასავლეთის სიჩუმეს ხელისუფლების მიერ უკანონოდ განხორციელებულ ქმედებებზე, პოლიტოლოგის აზრით, ეს სიჩუმე დიდხანს არ გაგრძელდება და სექტემბერში დასავლეთი აუცილებლად ამოიღებს ხმას და თავის პოზიციებს გამოხატავს.  

- როგორ შეაფასებთ დიდგორის დღესასწაულზე მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას?

რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო მძიმე მოსასმენია განცხადებები, რომელიც გვარწმუნებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები აქვს. ალბათ, თვითმკურნალობის კურსი დაგვიანებულია და უნდა ვივარაუდოთ, რომ დარჩენილი თვენახევარი საზოგადოების მხოლოდ უდიდესი მოთმინებით სახელმწიფოებრივი აზროვნების პირობებში მივიდეთ არჩევნებამდე ძალადობის წინაშე.

პრეზიდენტს აღარ ახსოვს, რომ ის არის გარანტი საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარების , სამაგიეროდ ახსოვს, ამ პირობის დადებისას პარლამენტში გამოსვლისას,მისი  წინადადების მეორე ნაწილი, რომ ის ყველაფერს გააკეთებს, რათა არჩევნებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაიმარჯვოს. რაც დრო გადის, ვრწმუნდებით, რომ ის არა თუ ყველაფერს აკეთებს, არამედ ყველაფერს კადრულობს მიზნის მისაღწევად. რაც შეეხება გარანტს, სამწუხაროდ, არც დემოკრატიის, არც თავისუფალი არჩევნების გარნტად არ გამოდგა, ერთდროს დემოკრატად წოდებული ჩვენი პრეზიდენტი.

-„ჩვენი დიდგორი წინაა“, “ეს არის გამარჯვება, ნებისმიერ ფასად გამარჯვება“ და რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება „მეტი საქმე არ მაქვს ხელისუფლება მათ გადავაბარო“. ნიშნავს თუ არა ეს განცხადებები იმას, რომ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებზე არაფრის დათმობას არ აპირებს და შესაძლებელია საქმე დაპირისპირებამდეც მივიდეს?

-ძალიან ბევრი მიმანიშნებელია იმის, რომ ხელისუფლება არც აპირებდა რაიმე ტიპის სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, რადგან მათ ასეთი ტიპის გამოცდილება არ აქვთ. სააკაშვილს და პუტინს ერთნაირი გემოვნება და მტერთან საბრძოლველად ერთნაირი ინსტრუმენტები გააჩნიათ. სააკაშვილის პოლიცია იმით სჯობს პუტინისას, რომ ის უფრო მარტივად უხეთქავს თავს უიარაღო მოქალაქეებს, ვიდრე პუტინის პოლიცია და უნდა ავღნიშნოთ, რომ რუსეთის პრეზიდენტს  ასეთი პოტენციალი ბევრად მეტი აქვს

. ნუ დავიმშვიდებთ თავს იმით, რომ საქართველოს ხელისუფლება არაფერს იკადრებს-ისინი ყველაფერს იკადრებენ. ამის გამანეიტრალებლები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები შეიძლება იყვნენ, რომლებიც 1 ოქტომბერს აუცილებლად მივლენ საარჩევნო ყუთებთან და იქ გამოხატავენ საკუთარ აზრს.  

-ბიძინა ივანიშვილის უკვე მერამდენედ რამდენიმე მილიონიანი ჯარიმის დაკისრების და ამჯერად, კახა კალაძის ქონების დაყადაღების შემდეგ, იურისტებიც და საზოგადოებაც აცხადებს, რომ ხელისუფლების ეს ქმედება ყოველგვარ ზღვარს  გაცდა. რატომ დუმს დასავლეთი?  

- პირველი-აგვისტო საერთაშორისო აქტიურობისთვის მკვდარია, მეორე- არჩევნები შეერთებულ შტატებს თვითონაც კარზე აქვს მომდგარი და მესამე-ძალიან გაგრძელდა პაუზა, რომლის დროსაც თბილისში ამერიკის ელჩის სავარძელი ცარიელია. სახეზეა ძალიან მოუქნელი ქმედების რეალობა საერთაშორისო სამართალდამცავი ორგანიზაციებისა, რომელთაც ექსტრემალური სისტემის მოქმედების იარაღი უნდა გააჩნდეს, რათა შემდგომ არ მოხდეს ათასობით ადამიანის ცალ-ცალკე აღძრული საქმე საერთაშორისო სასამართლოებში.

-დასავლეთის მხრიდან ასეთი სიჩუმე გაგრძელდება 1 ოქტომბრამდე?

-დასავლეთის მხრიდან ასეთი სიჩუმე არ გაგრძელდება. სექტემბერში რეაგირება ბევრად უფრო მწვავე და აქტიური იქნება. ვერ ვიტყვით, რომ არსებობს რაიმე, რასაც გაითვალისწინებს ჩვენი ხელისუფლება, რადგან მათთვის  ნებისმიერი დემოკრატიული ნაბიჯის განხორციელება საარჩევნოდ თვითმკვლელობის ტოლფასია. ხელში შეგვრჩა სრულიად ველურ პრინციპებზე დამყარებული ხელისუფლება, რომლისთვისაც კანონმდებლობა სრულიად უცხო მცნებაა. სამართლიანობის მიმართ მათ არც არასოდეს ჰქონიათ პატივისცემა. საქართველოს საზოგადოების ინტერესებში  შედის დასავლეთის რაც შეიძლება სწრაფი რეაგირება საქართველოში დღეს არსებულ უსამართლობაზე და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს აუცილებლად მოხდება სექტემბერში.