ნოდარ ხადური:  ჩემი გათავისუფლება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

ნოდარ ხადური: ჩემი გათავისუფლება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურმა მოვლენებმა განათლების სფეროშიც შეაღწია, რისი ნათელი მაგალითიცაა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტიდან   ორი პროფესორის დავით ნარმანიასა  და ნოდარ ხადურის გათავისუფლება.

უნივერსიტეტიდან გათავისუფლების შესახებ   ინფორმაცია სრულმა პროფეროსმა, ნოდარ ხადურმა,სოციალური ქსელის facebook-ის საშუალებით გაავრცელა.

 „პარადოქსია, მაგრამ დღეს ძალიან მძიმე დღის შემდეგ, როდესაც გავიგე, რომ საკონკურსო კომისიამ და უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ჩათვალეს, რომ არ ვიმსახურებ უნივერსიტეტის პროფესორობას, ძალიან ბედნიერი ვარ, იმდენი თბილი სიტყვა მოვისმინე ჩემი კოლეგებისაგან (ყოფილს ვერ დავწერ) და განსაკუთრებით სტუდენტებისაგან, რომ ამ ყველაფერმა გადაფარა! გულწრფელი მადლობა საკონკურსო კომისიას და აკადემიურ საბჭოს, რომ ასეთ სიყვარულში დარწმუნების საშუალება მომცა! ერთიცაა, მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი უსაყვარლესი საქმე ჩემს უსაყვარლეს უნივერსიტეტში გავაგრძელო!“, - წერს ხადური თავის facebook-ზე.

სრულმა პროფესორმა, ნოდარ ხადურმა From.ge სთან საუბარში უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს ეს გადაწყვეტილება პირდაპირ პოლიტიკურ დევნად შეაფასა და აღნიშნა, რომ ამის გონივრული და დასაბუთებული ეჭვებიც არსებობს.

მისი თქმით, აკადემიურ საბჭოს გადაწყვეტილების ეს პროექტი  მის მიერვე შექმნილმა  საკონკურსო კომისიამ მიაწოდა, თუმცა კონკრეტულად თუ რა საბაბით მოხდა მისი თანამდებობიდან გათავისუფლება ამ დრომდე უცნობია.

„ფაქტია, რომ უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს  გადაწყვეტილების მიღებისას პროფესიული ნიშნით არ უხელმძღვანელია. სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ჩამოსაშორებლად მათ ფორმალურად კარგი დრო შეარჩიეს. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ არსებული იურიდიული ნიუანსები ხელისუფლებას ნამდვილად აძლევს მომხდარ ფაქტზე აპელირების გაკეთების საშუალებას“, - განაცხადა ხადურმა.

გამომდინარე იქედან, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაკროეკონომიკის კათედრის სრული პროფესორის თანამდებობაზე გამოცხადებული ორი ვაკანსიიდან, ერთი ვაკანტურია, კონკურსის გამოცხადების შემთხვევაში, ნოდარ ხადური ხელმეორედ  მასში მონაწილეობის მიღებას არ გამორიცხავს.

„მე ძალიან მიყვარს უნივერსიტეტი და ვერ წარმომიდგენია მის გარეშე ჩემი ყოფა“- აღნიშნავს ის.

შეგახსენებთ, მაკროეკონომიკის პროფესორი, ნოდარ ხადური  კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელია.