სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებას“ ემიგრანტთა მიმართ გულგრილობაში ადანაშაულებს

სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებას“ ემიგრანტთა მიმართ გულგრილობაში ადანაშაულებს

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, „საქართველოს გზის“ ლიდერი სალომე ზურაბიშვილი,  ოპოზიციას და კონკრეტულად "ქართულ ოცნებას" ქართველი ემიგრანტების მიმართ მიდგომას უწუნებს და მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან facebook”-ის საშუალებით სპეციალური განცხადება გაავრცელა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკურად აქტიურობა დაიწყო საზღვარგარეთ არც არაფერი გაკეთებულა რამდენიმე დროშის ფრიალის გარდა.

„თბილისიდან ამ საქმის მმართველი ყოფილა კოტე სურგულაძე. მისი ამორჩეულიც ყოფილან ის წარმომადგენელები, ვინც მეტ წილად არც არავის იცნობენ და ვისაც საკუთრივ არ იცნობს ემიგრაცია. არც არავის აზრი უკითხავს, რათა გაეგოთ, ვინ რა ავტორიტეტით სარგებლობს ამ თუ იმ ქვეყანაში.... შედეგიც ასეთია. მდორე, გაუგებარი და უშედეგო " კამპანია", რომელიც კამპანიასაც არა ჰგავს!“, - წერს ზურაბიშვილი.

ამასთან, ის პროტესტს გამოთქვამს იმ ფაქტის გამოც, რომ საგარეო უწყების ახალი ბრძანებით, ემიგრანტებს საარჩევნოდ საკონსულო აღრიცხვის ახალი წესები დაუდგინეს, რომელსაც, ზურაბიშვილის შეფასებით, ოპოზიციის მხრიდან სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია.

ზურაბიშვილი წერს, რომ ხელისუფლებამ ქართულ ემიგრაციას უნდობლობა გამოუცხადა და ამას ადასტურებს მის მიერ არჩევნების1 ოქტომბერს, ორშაბათ დღეს დანიშვნაც.

„მაგრამ "ოცნებამ" ეს არც გამოიყენა და თვითონაც გულგრილად ექცევა ამ უსერიოზულეს ნაწილს საქართველოსი, რომელიც ხვალინდელი ჩვენი ქვეყნის აღდგენის აუცილებელი მონაწილე უნდა გახდეს... არ მესმის რა ხდება? უვიცობა, გულგრილობა, თუ უარესი რამ?... გაითვალისწინეთ: საქმე ფუჭდება და დროზე შველა უნდა", - აღნიშნავს ზურაბიშვილი საკუთარ წერილში.