რომელი რაიონების მოგების იმედი არა აქვთ ნაციონალებს?

რომელი რაიონების მოგების იმედი არა აქვთ ნაციონალებს?

ნაციონალური მოძრაობა არჩევნებში მხოლოდ რამდენიმე მანდატის დათმობას აპირებს. მმართველი პარტიის წევრები საუბრობენ, რომ საქართველოს მასშტაბით მხოლოდ 5-6 რაიონს წააგებენ, დანარჩენ რაიონებში კი მათი კანდიდატები გაიმარჯვებენ.
სააკაშვილის პარტიის წარმომადგენლები ჟურნალისტებთან პირად საუბარში არ მალავენ, რომ თბილისში სამ მანდატს წააგებენ, დანარჩენს კი აუცილებლად მოიგებენ. რაც შეხება საქართველოს რეგიონებს, ნაციონალებს სამი რაიონის მოგების იმედი არა აქვთ.
რომელი რაიონების წაგებას არიან წინასწარ შეგუებული ნაციონალები?
ნაციონალური მოძრაობის წევრები საუბრობენ, რომ ვაკის, დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონების მოგება გაუჭირდებათ.
ვაკეში „ქართული ოცნებიდან“ შალვა შავგულიძე იყრის კენჭს. ვაკე თითქმის ყველა არჩევნებზე ოპოზიციურ კანდიდატს აძლევდა ხმას, ამდენად, მმართველ გუნდს ვაკელების მხარდაჭერის იმედი გადაწურული აქვს.
რაც შეეხება ჩუღურეთს, „ქართული ოცნების“ ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ვიქტორ დოლიძეა. მას ნაციონალური მოძრაობის წევრი ანდრო ალავიძე უპირისპირდება.
ჩუღურეთის რაიონში, წინა საპარლამენტო არჩევნების დროს, თავდაპირველად ოპოზიციის წარმომადგენელი ლიდერობდა, თუმცა, საბოლოო ოქმით სახელისუფლებო კანდიდატმა გაიმარჯვა. ეს გამოცდილება ხელისუფლებას კარგად ახსოვს, ამდენად, ჩუღურეთის მოგებას ისინი განსაკუთრებული ძალისხმევით შეცდებიან, თუმცა, რამდენად გამოუვათ, ეს მეორე საკითხია.
ნაციონალებს დიდი ენერგიის დახარჯვა მოუწევთ დიდუბეში. ამ რაიონში მმართველ პარტიას გიორგი ჩაჩანიძის იმედი აქვს, რომელსაც „ქართული ოცნებიდან“ კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე უპირისპიირდება.
წინა საპარლამენტო არჩევნები დიდუბეში დავით საგანელიძემ მოიგო, რომელიც პარლამენტში პროტესტის ნიშნად არ შევიდა. მას შემდეგ რაც ოპოზიციის გამარჯვებულმა წევრებმა მანდატები დაჭრეს, ვაკეში და დიდუბეში ხელახალი არჩევნები ჩაატარეს და გამარჯვებულად თამაზ კვაჭანტირაძე და გურამ ჩახვაძე გამოავლინეს. ორივე მათგანი თავიდან ქრისტიან-დემოკრატების ფრაქციაში შევიდა, თუმცა, მას შემდეგ რაც გია თორთლაძის ფრაქციას დაშლა დაემუქრა, გურამ ჩახვაძე ფრაქცია „ძლიერ საქართველოში“ გადაბარგდა.
ნაციონალური მოძრაობა ყველაზე დიდხანს დიდუბისა და გლდანის მაჟორიტარებზე ფიქრობდა და როგორ იქნა, გიორგი ჩაჩანიძე და ნიკოლოზ ხაჩირიშვილი შეარჩიეს.
რაც შეეხება საქართველოს დანარჩენ რეგიონებს, მმართველი გუნდის რამდენიმე წარმომადგენელს საჩხერის, სამტრედიისა და ყაზბეგის რაიონების მოგების იმედი არა აქვს. მართალია, ზოგიერთი დეპუტატი იმასაც იკვეხის, რომ ივანიშვილს საკუთარ რაიონში ბეჭზე დადებს, მაგრამ ეს რომ მხოლოდ „ნაციონალური ბაქი-ბუქია“.
საჩხერეში „ქართული ოცნებიდან“ მანანა კობახიძე იყრის კენჭს. ბიძინა ივანიშვილის მშობლიურ რაიონში, ამ რამდენიმე ხნის წინ მმართველი პარტიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და იქიდან ვითომ აღფრთოვანებულები ჩამოვიდნენ.
ნაციონალური მოძრაობის წევრები ჰყვებიან,რომ საჩხერეში განსაკუთრებით თბილად დახვდნენ. ნაციონალები ამბობენ, რომ საჩხერე ოაზისი არ არის, როგორც ეს ზოგიერთს წარმოუდგენია.
ერთ-ერთმა ნაციონალმა დეპუტატმა ისიც კი თქვა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა ბიუჯეტი 700 მილიონი იყო და სააკაშვილმა საქართველოში შეუძლებელი რაღაცეები გააკეთა, ივანიშვილმა კი რომელსაც 7 მილიარდი აქვს, საჩხერეშიც კი ვერაფერი გააკეთა, რომ იამაყოს. ამ ორი ადამიანის შედარებისას, ამ დეპუტატს რატომღაც დაავიწყდა, რომ სააკაშვილი ქვეყნის პრეზიდენტია, რომელიც ბიუჯეტის სახსრებით აკეთებს რასაც აკეთებს, ხოლო ივანიშვილი კერძო პირია, რომელიც საკუთარ თანხებს ხარჯავს.
ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთი წარმომადგენლი იმაზეც „ოხრავს“, რომ საჩხერეში ისე კარგად არ ცხოვრობენ, როგორც ამას ივანიშვილის „ფანები“ ჰყვებიან.
კიდევ ერთი რაიონი, სადაც ნაციონალებს (მათი ტერმინით რომ ვთქვათ) „შეიძლება გაუჭირდეთ“ სამტრედიაა. ამ რაიონში „ქართული ოცნებიდან“ კახი კალაძე იყრის კენჭს. თავდაპირველად, ნაციონალები ამბობნდნენ, რომ სამტრედიის მოგების შანსი მაინც და მაინც დიდი არ იყო, თუმცა, მას შემდეგ რაც კარალეთში ცნობილი ინციდენტი მოხდა, მმართველ გუნდში სამტრედიის მოგებაზეც ალაპარაკდნენ.
მცხეთა-მთიანეთიდან, ნაციონალური მოძრაობის წევრებს ყაზბეგის მოგების იმედი არა აქვთ. იქ კენჭს „ქართული ოცნებიდან“ ექიმი მირიან წიკლაური იყრის, რომელიც ჯერ კიდევ არჩევნებამდე იმით იყო ცნობილი, რომ თითქმის ყველა მოხევეს უანგაროდ ეხმარებოდა.
სტეფანწმინდელები საუბრობენ, რომ მირიან წიკლაური მათ ყველა გაჭირვების დროს გვერდში ედგათ, ამდენად, მასზე უფრო ძლიერი კანდიდატურის დასახელება რომელიმე პარტიის მხრიდან გამორიცხული იყო.
მართალია, ნაციონალური მოძრაობის წევრები საუბრობენ, რომ მცხეთა-მთიანეთში მხოლოდ ერთ რაიონს – ყაზბეგს წააგებენ, მაგრამ ამ რეგიონის მაცხოვრებლები მმართველ გუნდს „სიურპრიზს“ უმზადებენ, რომელსაც 1 ოქტომბერს გაუმხელენ.
მმართველი გუნდის წევრებს დავალება აქვთ მიღებული, რომ რაც შეიძლება ხშირად და დამაჯერებლად ისაუბრონ, თითქოს ყველა მაჟორიტარულ ოლქს მოიგებენ და პარლამენტში უმრავლესობით მოვლენ. თუმცა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სარჩევნო ყუთთან მისული მოსახლეობა, ეს საპარლამენტო არჩევნების შედეგების დათვლისას გამოვლინდება.