მაია ფანჯიკიძე: „ქართული ოცნების“ კანდიდატებს კონკურენტები არ ჰყავთ

მაია ფანჯიკიძე: „ქართული ოცნების“ კანდიდატებს კონკურენტები არ ჰყავთ

კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერის, მაია ფანჯიკიძის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები თბილისში "ქართული ოცნების" კანდიდატებს რეალურ კონკურენციას ვერ გაუწევენ. ამის შესახებ მან დღეს კოალიციის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეს წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატების უმეტესობის სახელები და გვარები მისთვის ცნობილია და ისინი სახელმწიფო უწყებებში წლების განმავლობაში მუშაობდნენ, ამიტომ დარწმუნებულია, რომ ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები უკონკურენტოები იქნებიან.

„თუ მოსახლეობა მიიჩნევს, რომ გასული 9 წლის მანძილზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა კანდიდატებმა თბილისის მოსახლეობისთვის რაიმე სასიკეთო გააკეთეს, ეს მათი გადასაწყვეტია. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატებს კონკურენტები არ ჰყავთ არც „ნაციონალური მოძრაობის“ და არც რომელიმე სხვა პოლიტიკური პარტიის მხრიდან“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.

იგი ასევე, დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები გაიმარჯვებენ, როგორც თბილისში, ასევე, მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ცნობისთვის, თბილისის 10 მაჟორიტარულ ოლქში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის~ სახელით 2012 საპარლამენტო არჩევნებში კენჭს იყრიან: გლდანში – ნიკოლოზ ხაჩირიშვილი, ნაძალადევში – მერაბ სამადაშვილი, ჩუღურეთში – ანდრო ალავიძე, ისანში – გიორგი ვაშაძე, სამგორში – მიხეილ მაჭავარიანი, მთაწმინდაზე – არჩილ გეგენავა, კრწანისში – დავით საყვარელიძე, ვაკეში - გიორგი კარბელაშვილი, საბურთალოზე – ანდრია ურუშაძე და დიდუბეში გოგი ჩაჩანიძე.

კოალიცია "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები კი მთაწმინდაზე – ზაზა პაპუაშვილი, ვაკეში – შალვა შავგულიძე, საბურთალოზე – დავით უსუფაშვილი, კრწანისში – შოთა ხაბარელი, ისანში – ნუკრი ქანთარია, სამგორში – ზურაბ აბაშიძე, ჩუღურეთში – ვიქტორ დოლიძე, დიდუბეში – ვახტანგ ხმალაძე, ნაძალადევში – თეა წულუკიანი, გლდანში კი სოსო ჯაჭვლიანი იქნებიან.