„შავფაროსნები“: ჩვენ ისტორიულ სცენებს ქართველი ხალხისთვის ვაცოცხლებთ და არა რომელიმე პარტიისთვის, ან პირისთვის

„შავფაროსნები“: ჩვენ ისტორიულ სცენებს ქართველი ხალხისთვის ვაცოცხლებთ და არა რომელიმე პარტიისთვის, ან პირისთვის

ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია “შავფაროსნები” დიდგორის ველზე მოქალაქეების არ შეშვების ფაქტს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მათთვის მიუღებელია ისეთ ღონისძიებებში მონაწილეობა, რომელზეც ხალხს არ უშვებენ

“შავფაროსნების” განცხადებით, სწორედ ამიტომ, მათ დემონსტრაციულად დატოვეს დიდგორის ველი და უარი თქვეს ღონისძიებაში მონაწილეობაზე, სადაც დიდგორის ბრძოლის ინსცენირება უნდა გაემართათ და მასიური საბრძოლო სცენები დაედგათ.

“ერთი თვე ვემზადებოდით დიდგორის ბრძოლის ინსცენირებისთვის. ეს უნდა ყოფილიყო ყველაზე მასშტაბური საბრძოლო წარმოდგენა, რომელიც აქამდე დადგმულა.  როდესაც გავიგეთ, რომ ეს იყო ერთ-ერთი პარტიის შეეკრება და ამ უმნიშვნელოვანესი ისტორიული დღის აღსანიშნავად მოქალაქეებს დიდგორის ველზე არ უშვებდნენ, 60-მდე შავფაროსანმა დიდგორი დავტოვეთ. ჩვენ ისტორიულ სცენებს ქართველი ხალხისთვის ვაცოცხლებთ და არა რომელიმე პარტიისთვის, ან პირისთვის “-განაცხადა “შავფაროსნების” პრეზიდენტმა ირაკლი ქოქოსაძემ

მისივე ცნობით, საპატრულო პოლიციამ დიდგორის  ველზე მოგვიანებით მისული “შავაფროსნების”  დამფუძნებელი ლაშა კობახიძე და რამდენიმე წევრიც არ შეუშვა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მონაწილეები იყვნენ, რადგან მათი მანქანის სანომრე ნიშნები  “ნაციონალური მოძრაობის”  მიერ გადაცემულ სიაში არ ეწერა.

ცნობისთვის, გუშინ დიდგორობას  დიდგორის ველზე “ნაციონალური მოძრაობის” პარტიული ღონისძიება მოეწყო და დიდგორამდე მისასვლელ გზებზე  მობილიზებულამ საპატრულო პოლიციამ რიგითი მოქალაქეები დიდგორის ველზე არ შეუშვა.

აღსანიშნავია, რომ დღემდე დიდგორობა ყოველ წელს აღინიშნებოდა და ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო.