მაია ფანჯიკიძე: ივანიშვილმა და  კალაძემ დაზარალებულთათვის შესაძლოა დამატებითი თანხები გადარიცხონ

მაია ფანჯიკიძე: ივანიშვილმა და კალაძემ დაზარალებულთათვის შესაძლოა დამატებითი თანხები გადარიცხონ

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა და კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სამტრედიაში კახი კალაძემ, შესაძლოა, კახეთში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის საკომპენსაციოდ,  სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებითი თანხები გადარიცხონ.

ამის შესახებ კოალიციის პრესსპიკერმა, მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე  განუცხადა.

ფანჯიკიძის განმარტებით, ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ მოსახლეობისთვის  კომპენსაციების გაცემა დაეწყო. არც კახეთის რეგიონსა და არც სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში არავის მიუღია კომპენსაცია, მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის წყალობით, ბიუჯეტში დაუგეგმავი 80 მილიონი ლარი გაჩნდა.

„ივანიშვილი და კალაძე არ აპირებენ სასამართლოს მიერ გასულ კვირას უკანონოდ დაკისრებული ჯარიმების გადახდას, თუმცა თუ ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ გადარიცხული 80 მლნ ლარი არ არის საკმარისი მოსახლეობის ზარალის სრული კომპენსირებისთვის ბიძინა ივანიშვილი და კახი კალაძე გადახედავენ ამ თემას და შესაძლოა, კომპენსაციას მათი მხრიდან დამატებითი თანხა შეემატოს“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.

ამასთნავე, მან ზახგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლებას კომპენსაციის დარიგება ჯერ არ დაუწყია და „ქართული ოცნება“ კატეგორიულად მოითხოვს პასუხს, თუ რატომ ჭიანურდება თანხების გაცემა მაშინ, როცა ხელისუფლებას დაუგეგმავი 80 მლნ ლარი გააჩნია ბიუჯეტში.

"ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ ახსნას ხელისუფლებამ, რატომ არ ურიგებს მოსახლეობას იმ თანხებს, რომელიც ეკუთვნით. რატომ ჭიანურდება ეს საქმე მიუხედავდ იმისა, რომ სახსრები ბიუჯეტში უკვე არსებობს“, - დასძინა მან.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმების საფუძველზე კახი კალაძე 16 944 900, ბიძინა ივანიშვილი კი - 20 243 827 ლარით დააჯარიმა.