ზვიად ძიძიგური: რუსთავის მერია კოალიციას აქციის გამართვაზე ხელოვნურ ბარიერებს უქმნის

ზვიად ძიძიგური: რუსთავის მერია კოალიციას აქციის გამართვაზე ხელოვნურ ბარიერებს უქმნის

კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ ერთი ლიდერის, რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, რუსთავის მერიამ კოალიცია "ქართულ ოცნებას" 19 აგვისტოს აქციისთვის შეთავაზებულ სამივე ტერიტორიაზე უარი უთხრა თუმცა აღნიშნა, რომ მიუხედავად მერიის წინააღმდეგობისა, კოალიცია "ქართული ოცნება" 19 აგვისტოს აქციას რუსთავში, შარტავას მოედანზე გამართავს. 

ძიძიგურის თქმით, რუსთავის მერია კოალიციას აქციის გამართვაზე ხელოვნურ ბარიერებს უქმნის.  მისი განმარტებით, 6 აგვისტოს მათ მერიას მიმართეს და აცნობეს, რომ აქციას 19 აგვისტოს მერიის წინ გეგმავდნენ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ამ დღეს ტერიტორია დაკავებული იქნებოდა, კოალიცია მხარდამჭერებს მეგობრობის მოედანზე შეხვდებოდა.

რუსთავის მერიის პასუხის თანახმად, მერიის წინ კულტურული ღონისძიებები იგეგმებოდა, ხოლო მეგობრობის მოედანზე აქციის გამართვაზე უარი იმით აიხსნა, რომ იგი ტრანსპორტის გადაადგილებას შეუშლიდა ხელს. 

„მერიამ აქციის გასამართად კოალიციას ალტერნატიული ფართი - რაგბის მშენებარე სტადიონის და ავტობაზრობის მიმდებარე ტერიტორია შემოგვთავაზა, თუმცა, ორივე მათგანი ქალაქგარეთაა და აქციის გასამართად არ გამოდგება. ეს ტერიტორია გველებით არის სავსე. ამასთან, სამშენებლო პოლიგონია. არ ვაპირებთ, ჩვენი მხარდამჭერები ქალაქგარეთ ვატაროთ“, - განაცხადა ძიძიგურმა.

მისივე თქმით, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის მიხედვით, კოალიციას არანაირი ვალდებულება არ აქვს, მერიისგან აქციის ნებართვა მოითხოვოს. ძიძიგურის თქმით, კანონის მიხედვით, აქციის გამართვისთვის გაფრთხილებაც საკმარისია. აქედან გამომდინარე, ძიძიგური აცხადებს, რომ აქცია 19 აგვისტოს ჟიული შარტავას მოედანზე გაიმართება.

ძიძიგური აცხადებს, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით კოალიციის წარმომადგენლებმა საქმის კურსში ჩააყენეს უწყებათაშორისი კომისია. 

„ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას, დიპლომატიურ კორპუსს დოკუმენტალურად მივაწოდებთ ამ ინფორმაციას, სადაც არის დაფიქსირებული, რომ თვითმმართველობები აჭარბებენ თავიანთ კომპეტენციას", - განაცხადა ძიძიგურმა. 

ძიძიგურის თქმით, 19 აგვისტოს ღონისძიება იქნება მხოლოდ რუსთავის აქცია, ხოლო ქვემო ქართლის აქცია მოგვიანებით, მარნეულში გაიმართება.