„ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ მოძრაობას დიდგორობის დღესასწაულზე დასწრების უფლება არ მისცეს

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ მოძრაობას დიდგორობის დღესასწაულზე დასწრების უფლება არ მისცეს

კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ მოძრაობას დიდგორობის დღესასწაულზე დასწრების უფლება არ მისცეს. ამის საპასუხოდ კოალიციის ახალგაზრდული მოძრაობის წევრებს პოლიციამ დიდგორში მისასვლელი გზა გადაუკეტა.

 სამართალდამცავების განმარტებით „ქართული ოცნების“ ახალგაზრდები დღესასწაულზე „დაპატიჟებულთა“ სიებში არ იყვნენ და მათ დიდგორის ველზე შესვლის უფლება მხოლოდ მას შემდეგ მიეცემოდათ, რაც იქ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული ღონისძიება დასრულდებოდა. 

სამართალდამცავების წინააღმდეგობის პარალელურად დიდგორის შესასვლელში დღეს ერთგვარ პროვოკაციასაც ჰქონდა ადგილი. ტერიტორიაზე, სადაც საპატრული პოლიცია იყო გამაგრებული, „ქართული ოცნების“ მაისურში გამოწყობილი, ნასვამი ქალბატონები გამოჩდნენ, რომლებიც სპეციალურად ხმამაღლა აღნიშნავდნენ, რომ ვითომ მათ, ღონისძიებაზე მოსვლისათვის გარკვეული თანხა გადაუხადეს.

 „არცერთი მათგანი კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტი არ არის. ვერ გვეუბნებიან „ქართულ ოცნებაში“ ვის იცნობენ. ვერ გვეუბნებიან აქ ვინ გამოგზავნათ. თავიდან ბოლომდე აბსოლუტურად დაგეგმილი პროვოკაციაა და მასში ჩვენი ახალგაზრდების ჩართაც სურთ. ამიტომ ნებისმირეი ინციდენტზე, რომელიც  შეიძლება აქ მოხდეს, პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე მიხეილ სააკაშვილს ეკისრება“, - აცხადებენ ახალგაზრდული მოძრაობის წევრები.

კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული მოძრაობის წევრებმა დიდგორის ველზე შესვლა მხოლოდ მას შემდეგ შეძლეს, რაც ტერიტორია პრეზიდენტმა და ნაციონალური მოძრაობის აქტივმა დატოვა.