ბიძინა ივანიშვილი: ნინო ბურჯანაძემ დაამტკიცა, რომ ის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსია

ბიძინა ივანიშვილი: ნინო ბურჯანაძემ დაამტკიცა, რომ ის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსია

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის არმიღებასთან დაკავშირებით, პატრიოტულ და ღირსეულ ნაბიჯად შეაფასა.

განცხადება ამის შესახებ ივანიშვილმა ბაღდათში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა. მისი თქმით, ბურჯანაძის ამ გადაწყვეტილებით ბევრ კითხვას აბსოლუტურად გასაგები პასუხი გაეცა.

„ნინო ბურჯანაძემ დაამტკიცა, რომ ის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსია. ამის შემდეგ და დღევანდელი მისი პოზიციით ბევრ შეკითხვას, რომელიც  ნინო ბურჯანაძის მისამართით საზოგადოებას გააჩნდა, პასუხი გაეცა“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, დღესდღეობით საქართველოში არაერთი ფსევდოოპოზიციაა, რომლებიც ცდილობენ, თავი ოპოზიციონერად წარმოაჩინონ და აღნიშნა, რომ ასეთი პოლიტიკოსები და ოპოზიციონერები მხოლოდ ხელისუფლების თამაშს თამაშობენ.

მისივე განმარტებით, ხელისუფლებაში მათი მოსვლის შემდეგ „მსგავსი გაუგებრობები“ დასრულდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.

„დღეს ძალიან ბევრი პოლიტიკოსი ცდილობს აჩვენოს ყველას, თითქოს ქვეყნის სამსახურში დგას და ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძვის, თუმცა მათი ქმედებები ძალიან ბევრ კითხვას ბადებს. მე ერთს ვპირდები საქართველოს მოსახლეობას, რომ ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდგომ, ასეთი გაუგებრობების დრო დასრულდება. ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ თეთრს თეთრი დაერქმევა და შავს შავი. მოხერხდება და ჩამოყალიბდება ის კრიტიკული საზოგადოების მასა, რომელსაც ექნება შესაძლებლობა სწორი ანალიზი გააკეთოს ვინ სად იდგა და რატომ იდგა“, - დასძინა მან.