საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმების თაობაზე სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმების თაობაზე სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში დღეს გასაჩივრდა.

სარჩელი შესაბამის უწყებაში ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, სანდრო ბარამიძემ შეიტანა. მისი განმარტებით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა 48 საათის განმავლობაში უნდა მოხდეს.

„საქმის ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვეტის იმედი არ მაქვს, იმიტომ რომ ვიცი რა თუ მდგომარეობაშია დღეს ჩვენი სასამართლო“, - განაცხადა ბარამიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 აგვისტოს ბიძინა ივანიშვილი ადმინისტრაციულ სამართადამრღვევად სცნო და უკანონო შემოწირულობების განხორციელებისთვის 20 243 827 ლარით დააჯარიმა. წინა დღით კი 17 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა კახა კალაძეს დააკისრა. ამასთან, მის ქონებაზე ყადაღის დადების გადაწყვეტილება მიიღო.
სასამართლომ როგორც ივანიშვილთან, ისე კალაძესთან მიმართებაში აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის სამსახურის ოქმის საფუძველზე მიიღო, რომლის მიხედვითაც, "ქართული ოცნების" ლიდერებმა საკუთარი საბანკო ანგარიშებიდან გამოტანილი თანხა ნაღდი ფულის სახით "ქართული ოცნებისთვის" შემოწირულობისთვის გამოიყენეს სხვადასხვა პირების გამოყენებით. აუდიტის სამსახური ივანიშვილს და კალაძეს საკუთარი ანგარიშებიდან გატანილი თანხების უკან დაბრუნებას თხოვდა, თუმცა "ქართული ოცნების" ლიდერებმა მოთხოვნა უკანონოდ მიიჩნიეს და ის არ შეასრულეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ივანიშვილმა ჯარიმა 7 დღის ვადაში უნდა გადაიხდოს.