დღეს, ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა კაციტაძე რაჭაში, ამბროლაურის რაიონში სოფელ თლუღისა და სოფელ ჩორჯოს მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე მან ადგილობრივ მოსახლეობასთან სოფლის პრობლემები განიხილა და მათ "ახალი მემარჯვენეების" სოფლის პროგრამა წარუდგინა.
მისი თქმით, სოფელ ჩორჯოს მოსახლეობას ძლიერ აწუხებს ყურძნის ჩაბარების პრობლემები და შხამ-ქიმიკატების ხელმიუწვდომლობა.
„ეს სოფელი "ხვანჭკარის" ზონაშია და მოსახლეობას ასევე აწუხებს ღვინის რეალიზაციის პრობლემა. სოფელი თლუღი კი მაღალმთიან ნაწილშია და ხე-ტყის ჭრის აკრძალვა, ზოგადად ტყით სარგებლობის შეზღუდვა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ამ სოფლის მოსახლეობისთვის. გადამამუშავებელი საწარმოების არარსებობა და უმუშევრობა ასევე ძალიან აწუხებთ ამ სოფლის მაცხოვრებლებს“, - განაცხადა კაციტაძემ.
მამუკა კაციტაძემ შეხვედრისას აღნიშნა, რომ "ახალი მემარჯვენების" ერთ-ერთი პრიორიტეტი ქართული სოფლის აღორძინებაა და ამისთვის აუცილებელია ყველა სოფელში მინიმუმ ერთი საწარმო მაინც გაიხსნას;
„ყველა სოფელს უნდა ჰქონდეს თავისი სახნავ-სათესი და ტყე; სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელი უნდა შეეწყოს ხელმისაწვდომი შხამ-ქიმიკატების უზრუნველყოფისა და პროდუქტის ექსპორტის ხელშეწყობის გზით. სწორედ ასე იქნება შესაძლებელი საქართველოს ყველა სოფელში ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნა“, - დასძინა მან.