თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში რადიო „ჰერეთსა“და საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას შორის შპს „მედია ჰაუს დეკომისთვის“ ლიცენზიის მინიჭების დავასთან დაკავშირებით მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. რადიო „ჰერეთი“ მოითხოვს, ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ შპს„მედია ჰაუს დეკომისთვის“ ლიცენზიის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ბათილად სცნოს და ახალი კონკურსი ჩაატაროს.
ჰერეთის“ დამფუძნებელი რამაზ სამხარაძე From.ge-სთ-ან საუბარში აცხადებს, რომ ისინი დაობენ არა „მედია ჰაუს დეკომთან“, არამედ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასთან, რომელიც გულგრილად მოეკიდა კონკურსის პირობებს, არ დაინტერესდა აღნიშნული კომპანიით „მედია ჰაუს დეკომით“, არ გადაამოწმა მისი პარტნიორის საბუთები, რომელიც ინვესტიციის განხორციელებას აპირებდა აღნიშნულ კომპანიაში და ლიცენზიაც დაუმსახურებლად გასცა.
-შპს „მედია ჰაუს დეკომი“ სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა კონკურსის გამოცხადების შემდეგ. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ არ შეამოწმა ინფორმაცია მისი დამფუძნებლების შესახებ. რატომ არ მოხდა კომისიის მიერ საბუთების ლეგიტიმურობის განხილვა ?
- შპს „მედია ჰაუს დეკომი“ „საქართველოს კომუნიკაციების კომისიის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში რადიო მაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად, სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა 2011 წლის 8 აგვისტოს, ანუ კონკურსის გამოცხადების -29 ივლისის შემდეგ. კომისიამ არ გადაამოწმა „ვიდოფონი“- უცხოური პარტნიორი, რომელიც შეიძლება პირდაპირ თუ ირიბად წინააღმდეგობაში შესაძლოა მოსულიყო ოფშორულ ზონასა და საქართველოს მაუწყებლობის შესახებ კანონთან. ჩვენ ეს გავასაჩივრეთ სასამართლოში,სასამართლომ გამოითხოვა საბუთები და ეს ყველაფერი ცნობილი გახდა კომუნიკაციების კომისიისთვისაც, რადგან სასამართლომ ყველა ის მტკიცებულება, რაც ცხრა თვის განმავლობაში მოიპოვა, თვითონ მიაწოდა კომისიას. კომისიაში გარკვეულწილად აღიარეს დაშვებული შეცდომები. გუშინ, მაგალითად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენელმა პავლე ბერიამ განაცხადა, რომ ერთმნიშვნელოვნად საინტერესოა ის მომენტი, რომ „ვიდოფონის“ სახელის ცვლილების შესახებ ინფორმაცია წარდგენილი არ იყო და ეს უკვე კონკურსის პირობების დარღვევაა.
-შესაბამის დეკლარაციაში „მედია ჰაუს დეკომს“ პარტნიორად დღემდე წარდგენილი ჰყავს პარტნიორი „ვიდოფონი“, რომელსაც ერთი წლის შეეცვალა სახელი და მას „დეკომ ა.გ“ ჰქვია. თუმცა, ეს დოკუმენტებში არსად არ არის დაფიქსირებული.
- „ჰერეთის“ ყველა დოკუმენტაცია დეტალურად გადაამოწმეს, სამწუხაროდ, „მედია ჰაუს დეკომის“ მსხვილი პარტნიორის შესახებ, არანაირი ინფორმაცია არ გადაუმოწმებიათ. თავიდან ეს კომპანია აცხადებდა, რომ მათ ჰყავდათ სერიოზული პარტნიორი გერმანული კომპანია „ვიდოფონის“ სახით, რომელიც სერიოზული ინვესტიციის განხორციელებას აპირებდა. ცრუ ინფორმაციის წარდგენა საჯარო დაწესებულებაში, სისხლის სამართლის დანაშაულია, მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ ავღნიშნო, რომ ჩვენ ვდაობთ არა „მედია ჰაუს დეკომთან“, არამედ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან, რომელიც გულგრილად მოეკიდა კონკურსის პირობებს და არ დაინტერესდა აღნიშნული კომპანიით „მედია ჰაუს დეკომით“, რომელსაც დროთა განმავლობაში შეექმნა პრობლემები, რომელიც დამტკიცდა კიდეც. მას „ვიდოფონმა“ დაფინანსება შეუწყვიტა და ეს გაცხადდა კიდევაც რადიო „ცხელი შოკოლადის“ იგივე „დეკომ ა.გ“-ის თანამშრომლების მიერ, როდესაც მათ სამსახური დატოვეს, ასევე მოიქცა რადიოს მენეჯმენტი.
რადიო პარალიზებული გახდა. ისინი პრაქტიკული საქმიანობის დაწყებას ჯერ კიდევ მარტში აპირებდნენ, თუმცა დღეს აგვისტოა და მხოლოდ საცდელი გადაცემები გადის. ეს არ ნიშნავს პრაქტიკული საქმიანობის წარმოებას. რაც მათ უწერიათ კონცეფციაში და რაც საკონკურსო წესებით იყო მოთხოვნა, პრაქტიკული საქმიანობა მათ 1 მარტიდან უნდა დაეწყოთ. პრაქტიკული საქმიანობის დასაწყებად მათ ბოლო ვადა 15 სექტემბრამდე აქვთ, ბოლო მომენტამდე წელავენ ამ დროს და სწორედ ეს განუცხადეს კომისიასაც.
-„მედია ჰაუს დეკომი“ თქვენ არგუმენტად გიყენებდათ იმას, რომ რადიო „ჰერეთს“ არ გააჩნია საკმარისი ინვესტიცია, მაშინ როცა მათ მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია უკვე განხორციელებული აქვთ.
-ჩვენ ამხელა ინვესტიცია არც გვჭირდებოდა, რადგან რადიო „ჰერეთი“ უკვე 13 წელია არსებობს და ფინანსური, ადამიანური რესურსებიც საკმარისი გაგვაჩნია და აპარატურაც საკმარისი გვაქვს. გრანტები რაც ჩადებული გვქონდა, რეალურად დაფინანსებული იყო და სწორედ ამის საფუძველზე იქმნებოდა გარკვეული პროგრამებიც. მედია ბიზნესია და თუ არ განვითარდა ბიზნესი, ინვესტიციას არავინ ჩაგიდებს. ჩვენ გვქონდა 40 000 დოლარი, რომელსაც ერთ-ერთი ქართული კომპანია გვაძლევდა და კიდევ 100 000 ფუნტი სტერლინგი, რომელსაც ბრიტანული კომპანია ჩაგვიდებდა ჩვენი ლიცენზიის მოპოვების შემთხვევაში, თუმცა მარეგულირებელმა კომისიამ ეს ვერ დაინახა.
-ვინ დგას „მედია ჰაუს დეკომის“ უკან და რატომ ხუჭავს თვალს კომისია ამ ყველაფერზე?
-კიდევ ერთხელ მივანიშნო, რომ ქალბატონი შორენა შავერდაშვილი, რომელიც ასევე ფლობს ჟურნალ „ლიბერალს“ და მისი სხვა დამფუძნებლები, ძალიან აგრესიულად აპროტესტებდნენ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებებს, მათ შორის საზოგადოებრივი კვლევის შედეგებს. ზუსტად „ფეხების ბაკუნით“ გააპროტესტეს თავის დროზე მათ ეს გადაწყვეტილება, თუმცა 30 სექტემბრის შემდეგ ჩვენ მივიღეთ აბსოლუტურად სხვა შედეგი. მე არ მომეცა „მედია ჰაუს დეკომისთვის“ კითხვების დასმის და დალაპარაკების საშუალება.
ძალიან აგრესიულად იქცეოდა კომუნიკაციების ეროვნული კომისია რადიო „ჰერეთის“ წინააღმდეგ. მე ვერ მივიღე პასუხები შეკითხვებზე რაში სჭირდებოდა „ვიდოფონს“ 220 000 დოლარის ინვესტიციის ჩადება პროექტში მანამ, სანამ „მედია ჰაუს დეკომს“ ლიცენზია ჯერ არ ჰქონდა მიღებული და სად იყო ამის დამამტკიცებელი საბუთები. მოვითხოვე წარმოედგინათ ამონაწერი საბანკო ანგარიშები, რატომ არ იყო გაწერილი რადიოგადაცემა, რა კონტენტით აპირებდნენ ისინი რადიოსივრცეში შემოსვლას, სად იყო“ეპლთან“ მოლაპარაკებები, თუმცა ვერცერთ შეკითხვაზე პასუხი ვერ მივიღე კი არა,მათ უბრალოდ თავი აარიდეს პასუხის გაცემას.
შემიძლია ვივარაუდო, რომ აქ იყო საკმაოდ გავლენიანი ადამიანების ინტერსი.
-ვის გულისხმობთ კონკრეტულად?
-მე რა თქმა უნდა მაქვს მოსაზრებები, მაგრამ კიდევ ვიმეორებ,30 სექტემბერს სურათი აბსოლუტურად შეიცვლა და კომისიის ხუთივე წევრმა მხარი დაუჭირა კომპანია „მედია ჰაუს დეკომს“.
-16 აგვისტოს სასამართლოს მორიგი პროცესი გაიმართება. გაქვთ თუ არა იმედი, რომ სასამართლომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება გააუქმოს და ლიცენზიას თქვენ მოიპოვებთ?
- სასამრთლომ და მართლმსაჯულებამ ხელი საქართველოს კანონმდებლობას უნდა შეუწყოს. იმედი რომ არ მქონდეს, მე ამ გადაწყვეტილებას არც გავასაჩივრებდი. პროგნოზებისგან თავს შევიკავებ, თუმცა არსებობს მტკიცებულებათა ნუსხა, რომ სასამართლომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება გააუქმოს და რადიო „ჰერეთს“ დამსახურებულად მიანიჭოს ლიცენზია.