პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე 13 აგვისტოს ყაზბეგის მაჟორიტარობის კანდიდატს გოჩა მალანიას წარადგენს. მალანია ყაზბეგის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. ყაზბეგის რაიონში მას „ქართული ოცნებიდან“ ექიმი მირიან წიკლაური უპირისპირდება.
მომავალ კვირის დასაწყისში დავით ბაქრაძე ასევე წარადგენს დუშეთის, მცხეთისა და თიანეთის რაიონების მაჟორიტარობის კანდიდატებს.
მცხეთაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სავარაუდოდ ანდრო კალანდაძე იქნება. ანდრო კალანდაძე 1999–2004 წლებში მცხეთის რაიონის გამგებელი იყო. 2010 წელს კი მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დაინიშნა.
მცხეთაში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ექიმი დიმიტრი ხუნდაძეა.
რაც შეეხება თიანეთს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თიანეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი გიორგი აბაშვილი იქნება. აბაშვილი გამგებლის თანამდებობიდან უკვე გადადგა.
„ქართული ოცნებიდან“ გიორგი აბაშვილს იურისტი ზაქარია ქუცნაშვილი უპირისპირდება.
დუშეთში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი ყოფილი გამგებელი ზურაბ ოტიაშვილი იქნება. მას „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი ტრიპოლსკი უპირისპირდება.