„კონსერვატიული პარტიის“ ლიდერისა და კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელის, ზვიად ძიძიგურის შეფასებით საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც კოალიციისთვის შემომწირველი 16 პირის სამართალდამრღვევებად ცნობას და მათთვის ჯარიმის სახით აკრძალული შემოწირულობის ხუთმაგი ოდენობით დაკისრებას ითვალისწინებს, პირდაპირი პოლიტიკური დევნაა.
როგორც ძიძიგურმა From.ge -სთან საუბარში განაცხადა, საქალაქო სასამართლო დღესდღეობით არავითარ სამართლებრივ გადაწყვეტილებას არ ღებულობს და აღნიშნა, რომ მათი ძირითადი შემოსავალი სწორედ არსებულ გადარიცხვებით არსებობს.
მისივე თქმით, მაშინ როცა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მარშუტკის მძღოლების მიერ გადარიცხული 60 ათასი ლარი არ არის კანონდარღვევა, წარმოუდგენელი და უსამართლოა ნოდარ ჯავახიშვილის მიერ „ქართული ოცნებისთვის“ კომპენსაციის სახით 17 ათასი ლარის პირდაპირ გაღება კანონდარღვევად ჩაითვალოს.
„ჩვენ ამას ვუყურებთ ძალიან ირონიულად. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ პრობლემა არის არა ჩვენზე დაკისრებული ჯარმები, არამედ ის, რომ ჩვენს წინაშე რეალურად საქართველოს პრობლემა დგას. ეს ყველას კარგად გვაქვს გაცნობიერებული. ამიტომ მათ რაც არ უნდა ხრიკები და ხერხები გამოიყენონ, რაც არ უნდა პოლიტიზირებული პროცესები ჩაატარონ, ისინი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლას წინ ვერ აღუდგებიან“, - განაცხადა ძიძიგურმა.
მისივე განმარტებით, დაჯარიმებულები არანაირი თანხის გადახდას არ აპირებენ, რადგან ისინი დაკისრებულ ჯარიმას არ ცნობენ სამართლიანად.
ძიძიგურის თქმით, ხელისუფლებამ ის დრო იხელთა, როცა პოლიტიკური სივრცე სადამკვირვებლო ორგანიზაციებისგან თავისუფალია და აღნიშნა, რომ ამ პოცესებს ბოლო აგვისტოს ბოლოს მოეღება.
„ქვეყანაში არის სრული განუკითხაობა. ეს ასე გაგრძელდება მთელი აგვისტოს განმავლობაში. მაგრამ შემდეგ, როცა აქ სადამკვირვებლო ფუნქციებით აღჭურვილი ორგანიზაციები ჩამოვლენ, უკვე ძალიან მკაცრი და სერიოზული რეაგირება დაიწყება. ეხლა დრო იხელთა ხელისუფლებამ. ამიტომ ძალადობს ყველაზე და ყველაფერზე, ადამიანებსა და ფულზე. გადახდას რაც შეეხება, კონსერვატორები არაფრის გადახდას არ ვაპირებთ“, - დასძინა მან.
შეგახსენებთ, დღეს საქალაქო სასამართლომ კოალიცია „ქართული ოცნების“ შემომწირველ 16 პირთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა.
„გოჩა ბარამიძე, გოჩა ჩიკვილაძე, ნატო კოპლატაძე, დავით კაჭახიძე, ვიქტორ ჯაფარიძე, თეონა ჯახუტაშვილი, ინგა ჯავახია, მაგდანა მუშკუდიანი, დავით დარჩია, დავით მათიკაშვილი, ნინო უძილაური, ნატო ხაინდრავა, ნოდარ ჯავახიშვილი, ია გამცემლიძე, ირაკლი ბერაია, დავით გალუაშვილი ცნობილ იქნენ სამართალდამრღვევებად ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 342-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის და სახდელის სახით დაეკისრათ ჯარიმის გადახდა აკრძალული შემოწირულობის ხუთმაგი ოდენობით“, - ნათქვამია განცხადებაში.