კახი კალაძე საქალაქო სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს. რადგან მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა.
მისი თქმით, მას უკანონოდ არაფერი გაუკეთებია და აღნიშნა, რომ დღევანდელი სასამართლო „კრიმინალებით დაკომპლექტებულ და ერთ მშიშარა კაცზე მორგებულ ორგანიზაციად გადაიქცა“.
„ჯარიმა, რომელიც ე.წ. სასამართლომ - მიშას სასამართლომ დამაკისრა არის ყველანაირად მიუღებელი, იმიტომ რომ არ ჩამიდენია დანაშაული. იმ 17 მილიონ ლარს კი, რომელსაც მედავებიან, ნამდვილად არ გადავიხდი, ეს ჯარიმა უკანონოდ დამეკისრა. ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე უკანონობაა და ერთი ადამიანის დაგეგმილი კრიმინალური ქმედებაა. არ ვაპირებ ჯარიმის გადახდას და არც გასაჩივრების შედეგის იმედი მაქვს, უბრალოდ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მცირე დროში კრიმინალისთვის ყველა სათანადოდ აგებს პასუხს", - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ კახი კალაძე გუშინ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 17 მილიონამდე ჯარიმა დააკისრა. მისი უძრავ-მოძრავი ქონება კი სრულიად დააყადაღა. ძალაში დარჩა კახა კალაძის საბანკო ანგარიშების დაყადაღების გადაწყვეტილებაც.