„ქართული ოცნების“ შემომწირველი პირების დაჯარიმებაზე სასამართლომ განცხადება გაავრცელა

„ქართული ოცნების“ შემომწირველი პირების დაჯარიმებაზე სასამართლომ განცხადება გაავრცელა

თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიცია "ქართული ოცნების" შემომწირველ 16 პირთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც შემომწირველები სამართალდამრღვევებად ცნო და მათ ჯარიმის სახით აკრძალული შემოწირულობის ხუთმაგი ოდენობა დააკისრა.

განცხადებას From.ge უცვლელად გთავაზობთ:

„თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განიხილა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმები და ყადაღის თაობაზე ამავე სამსახურის გადაწყვეტილებების დადასტურების საკითხი. სასამართლოს 2012 წლის 10 აგვისტოს დადგენილებებით გოჩა ბარამიძე, გოჩა ჩიკვილაძე, ნატო კოპლატაძე, დავით კაჭახიძე, ვიქტორ ჯაფარიძე, თეონა ჯახუტაშვილი, ინგა ჯავახია, მაგდანა მუშკუდიანი, დავით დარჩია, დავით მათიკაშვილი, ნინო უძილაური, ნატო ხაინდრავა, ნოდარ ჯავახიშვილი, ია გამცემლიძე, ირაკლი ბერაია, დავით გალუაშვილი ცნობილ იქნენ სამართალდამრღვევებად ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ"" საქართველოს ორგანული კანონის 342-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის და სახდელის სახით დაეკისრათ ჯარიმის გადახდა აკრძალული შემოწირულობის ხუთმაგი ოდენობით. 
ამასთან, სასამართლომ გაიზიარა ნოდარ ჯავახიშვილის, ნატო ხაინდრავას, დავით გალუაშვილის და გოჩა ჩიკვილაძის პოზიცია განხორციელებული შემოწირულობის ნაწილთან მიმართებაში ხანდაზმულობის თაობაზე, რამაც განაპირობა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული სანქციის (ჯარიმის) ოდენობის შემცირება.
საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებმა ვერ დაადასტურეს პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულობების წარმომავლობა და მათი დანაზოგის სახით არსებობის შესაძლებლობა“, - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.