საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2008 წლის აგვისტოს ომის მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2008 წლის აგვისტოს ომის მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ  2008 წლის აგვისტოს ომის მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. საგარეო უწყების განცხადებით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები კვლავ იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე და ახორციელებენ მისი ოცი პროცენტის ოკუპაციას.

From.ge საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„ოთხი წლის წინ, 2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთის შეიარაღებული ძალები შემოიჭრნენ საქართველოს ტერიტორიაზე და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევით განახორციელეს პირდაპირი სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ.

2008 წლის 12 აგვისტოს ხელი მოეწერა შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. რუსეთის ფედერაცია კვლავაც არ ასრულებს ამ შეთანხმებით აღებულ ვალდებულებას შეიარაღებული ძალების ომამდელ პოზიციებზე დაბრუნების შესახებ.

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები კვლავ იმყოფებიან ქვეყნის ტერიტორიაზე და ახორციელებენ მისი ოცი პროცენტის ოკუპაციას. რუსეთმა აღიარა მისივე შეიარაღებული ძალების მხარდაჭერით და კონტროლქვეშ მოქმედი რეჟიმები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ეთნიკური წმენდის განხორციელების შედეგად შექმნილ ამ ერთეულებთან სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებების გაფორმების ფორმალურ საფარქვეშ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე ორი სამხედრო ბაზა შექმნა და ათი ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე განათავსა. ამ ბაზებზე მიმდინარეობს შეტევითი სამხედრო პოტენციალის ჩამოყალიბება და ზრდა, რაც მოიცავს მართვისა და კონტროლის უახლესი სისტემების, სატანკო ნაწილების და რეაქტიული არტილერიის კონცენტრაციას, ისევე, როგორც დამრტყმელი სამხედრო დაჯგუფებების წვრთნას.12 აგვისტოს შეთანხმების საპირისპიროდ, რუსეთი ღიად გამოდის ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საერთაშორისო მექანიზმების ჩამოყალიბების წინააღმდეგ. ამასთან, რუსეთი გამუდმებით აფერხებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობას, რომლის ორი მთავარი მიზანია უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმებზე შეთანხმება და დევნილთა ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნების უზრუნველყოფა.

2008 წლის ომის დროს და შემდეგ, საქართველო მარტო არ აღმოჩნდა მისი სახელმწიფოებრიობის წინაშე მდგარი ამ გამოწვევის წინაშე. მეგობარი სახელმწიფოების ძალისხმევით 2008 წლის აგვისტოში მოხერხდა აგრესიის შეჩერება. ომის შემდეგ მეგობარმა ქვეყნებმა დიდი დახმარება გაუწიეს საქართველოს ეკონომიკური სტაბილურობისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენაში.

საქართველო მადლიერია თითოეული იმ ქვეყნის, რომლებმაც უმოკლეს ვადებში მოახერხეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში საკუთარი ოფიცრებისა და სამოქალაქო პერსონალის წარმოგზავნა. საოკუპაციო რეჟიმები ხელს უშლიან მათ მოღვაწეობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, თუმცა მისიაში მომუშავე ადამიანები ყოველდღიურად უზრუნველყოფენ სტაბილურობას, ზღუდავენ რა სივრცეს სამხედრო-პოლიტიკური პროვოკაციების განხორციელებისათვის. იმედი გვაქვს, რომ უკანასკნელ ხანს მოსკოვის და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის მიერ შექმნილი ხელოვნური წინააღმდეგობები გალის ინციდენტების პრევენციის მექანიზმში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონაწილეობასთან დაკავშირებით დაძლეული იქნება და ევროკავშირის მისიას მიეცემა მისი მანდატით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების შესაძლებლობა.

მიუხედავად მძიმე გამოწვევებისა საქართველოს არ შეუცვლია ევროპულ სახელმწიფოთა ოჯახთან დაახლოებისაკენ მიმავალი გეზი. ჩვენი მიზანია დემოკრატიული, ლიბერალურ ღირებულებებზე დამყარებული სახელმწიფოს მშენებლობა, სტაბილურობის, კეთილდღეობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფა საქართველოში მოსახლე ყოველი ადამიანისათვის. გასულ წლებში გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები ევროკავშირთან დასაახლოვებლად - მიმდინარეობს მოლაპარაკებები ასოცირების შესახებ ხელშეკრულებაზე, სავიზო რეჟიმის გაფართოებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე.

ომიდან ოთხი წლის თავზე საქართველოს მიზნად რჩება თავისი განსაკუთრებული წვლილის შეტანა საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში როგორც რეგიონში, ისე მთლიანად მსოფლიოში. ჩვენი ჯარისკაცები უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას ავღანეთში. მომავალ წლებში გაიზრდება გაერო-სა და ევროკავშირის მისიებში საქართველოს მონაწილეობაც. საქართველო აქტიურად უზიარებს თავის გამოცდილებას რეფორმების განხორციელებაში ყველა დაინტერესებულ სახელმწიფოს. საქართველო კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება აღმოფხვრა კორუფცია, გააუმჯობესო მოქალაქეების მომსახურების ხარისხი და გადაიქცე უსაფრთხოების მომხმარებელი ქვეყნიდან უსაფრთხოების მიმწოდებლად.

2008 წლის ომის შემდეგ ქვეყნის მთავრობამ მიიღო ჩართულობის სტრატეგია, რომლის მთავარი მიზანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებთან ყოველდღიური ურთიერთობების აღდგენა და მათთვის ეკონომიკური და სოციალური განვითარების შესაძლებლობების შექმნა. ამ სტრატეგიის განხორციელების გზით ჩვენ მეგობრობის ხელს ვუწვდით ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს და გამოვხატავთ სურვილს, რომ ჩვენ გვერდზე გადავდოთ ის უთანხმოებები, რაც აქამდე გვქონდა და გადავდგათ ქმედითი პრაგმატული ნაბიჯები, რათა საოკუპაციო ხაზით და ახალი "ბერლინის კედლით" გაყოფილმა ხალხმა კვლაკ შეძლოს ერთად ცხოვრება და აღადგინოს ერთმანეთის და საერთო მომავლის ნდობა.

მიუხედავად 2008 წლის აგრესიისა ჩვენი ქვეყანა მეგობრულადაა განწყობილი რუსეთის მოქალაქეების მიმართ. საქართველოში მოქმედი რუსული კომპანიების ეკონომიკური ინვესტიციები დაცულია. საქართველომ ცალმხრივად მოხსნა სავიზო მოთხოვნები ჯერ ჩრდილოეთ კავკასიის მაცხოვრებელთა, შემდეგ კი რუსეთის ყველა მოქალაქის მიმართ, რამაც გამოაცოცხლა ტურიზმი და ხალხთაშორისი ურთიერთობები. ფაქტობრივად, აღდგა საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლა საქართველოს და რუსეთს შორის. საქართველომ არაერთხელ გამოთქვა მზადყოფნა აწარმოოს რუსეთთან მოლაპარაკებები ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ნებისმიერ დონეზე. სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ამ და სხვა თემებზე ანალოგიური კონსტრუქციული პოზიცია და შემხვედრი ნაბიჯების გადადგმის სურვილი არ შეიმჩნევა.

საქართველოს ასევე კონსტრუქციული პოზიცია უჭირავს ჟენევის მოლაპარაკებებზე. საქართველომ აიღო ვალდებულება არ გამოიყენოს ძალა, რაზეც ოფიციალურ მოსკოვს ჯერაც არ უპასუხია საპასუხო ნაბიჯით. იმედი გვაქვს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდებზე რუსეთი მოისმენს ევროკავშირის და ნატო-ს მოწოდებებს და აიღებს ძალის არ-გამოყენების ვალდებულებას. საქართველოს კვლავ გააგრძელებს პრაგმატულობის გამოჩენას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების კონკრეტული პრობლემების გადაჭრისაკენ მიმართული ღონისძიებების დაგეგმვისას. თუმცაღა, ჩვენ ნათლად ვაფიქსირებთ წითელ ხაზებს იმ საკითხებში, რაც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას შეეხება.

2008 წლის ომიდან ოთხი წლის თავზე ჩვენი მიზანი არის არა საქართველოს ტერიტორიაზე ახალი გაყინული კონფლიქტის შექმნა, არამედ ამ კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრა. სამართლიანობა უნდა აღდგეს. ჩვენი ქვეყნის საზღვრებში მცხოვრებ ყოველ ადამიანს უნდა შესწევდეს უნარი ღირსეულად და შიშის გარეშე განავითაროს საკუთარი პოტენციალი, ისარგებლოს ქვეყნის წინსვლით.

ამ ხედვის განხორციელებისას ჩვენ ახლო და პარტნიორული ურთიერთობა გვჭირდება რეგიონის ქვეყნებთან, ევრო-ატლანტიკური ოჯახის წევრებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან. გვაქვს ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის იმედი ჩვენს რეგიონში მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების შექმნის საქმეში. თავის მხრივ, საქართველო მზადაა აქტიური მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში.

ომიდან ოთხი წლის თავზე საქართველო მომავლისკენ იყურება, სჯერა საკუთარი ძალების და სულ უფრო მყარად იმკვიდრებს ადგილს თავისუფალ ერებს შორის“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.