„ქართული ოცნება“  ქართულ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიმართავს

„ქართული ოცნება“ ქართულ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიმართავს

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ ქართულ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს აჭარაში მომხდარი ინციდნეტის დროულად და სრულყოფილად შესწავლისა და ობიექტური შეფასებისკენ მოუწოდებს. ამასთანავე  კოალიცია  სამოქალაქო საზოგადოების მიერ, 16 ივლისს შემოთავაზებულ 17-პუნქტიან დოკუმენტსაც შეუერთდა  და  მასში მოცემული პრინციპებისა და ქცევის წესების დაცვის ვალდებულება აიღო. აღნიშნულის შესახებ, კოალიცია განცხადებას ავრცელებს.

From.ge კოალიცია „ქართული ოცნების“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„კოალიცია „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის  ერთგულებას სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ძირითადი პრინციპებისადმი, მათ შორის, საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების შედეგების დადგენის პროცესში ძალადობრივი და ანტიკონსტიტუციური ქმედებების დაუშვებლობისადმი. ამ სულისკვეთებიდან გამომდინარე, კოალიცია უპირობოდ შეუერთდა სამოქალაქო საზოგადოების მიერ 16 ივლისს შემოთავაზებულ 17-პუნქტიან დოკუმენტსაც და აიღო მასში მოცემული პრინციპებისა და ქცევის წესების დაცვის ვალდებულება. ამასთანავე, კოალიცია „ქართული ოცნების“ შეშფოთებას იწვევს მმართველი პარტიის მხრიდან აღნიშნული ქცევის წესების სისტემატური დარღვევა. კერძოდ, ბოლო დღეებში აჭარაში კვლავ დაფიქსირდა ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივებისა და ახალგაზრდების დანაშაულებრივ ქმედებაში ჩათრევის მცდელობა. მივმართავთ ქართულ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, დროულად და სრულყოფილად შეისწავლონ აღნიშნული ფაქტები და ობიექტური შეფასება მისცენ მომხდარს. ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციასთან და აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენს ხელთ არსებული სრული ინფორმაცია მივაწოდოთ“, - ნათქვამია განცხადებაში.